Options

Today's Date

Thursday, February 17, 2022

რეცენზია: „უდე და მისი ეკლესია“

 



"
წიგნი ადამიანი არაა, წიგნი ადამიანამდე მიღწევის საშუალებაა...’’

ჩეზარე პავეზე

გამოხმაურება

პროფ. ნუგზარ პაპუაშვილის წიგნზე „უდე და მისი ეკლესია“

ზოგადად: წიგნი რომ თავისთავად გვეხმარება ახალი ან ძველი სამყაროს კიდევ უფრო ფართოდ აღქმაში, მგონია, რომ ამაზე არავინ დაობს. თუმცა, რაც შეეხება სამეცნიერო-კვლევითი სახის ნაშრომსა და წიგნს, მას თავისი ორიგინალური და საჭირბოროტო ხასიათი გააჩნია, რაც უმეტეს შემთხვევაში საზოგადოებასა და ისტორიაში გაჩენილ შეკითხვებზე პასუხის ამა თუ იმ ფორმით გაცემას გულისხმობს, ანდა: პრობლემის წამოჭრასა და გადაჭრას, ყოველ შემთხვევაში - გადაჭრის მცდელობას მაინც.

ამიტომ არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ამ უახლოეს პერიოდში გამოცემულ მონოგრაფიას ,,უდე და მისი ეკლესია’’, რომლის ავტორი არის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ეკლესიის ისტორიის საკითხებში გამორჩეული მკვლევარი, პუბლიცისტი ნუგზარ პაპუაშვილი. ეს წიგნი სამცხე-საათაბაგოს ერთ-ერთი გამორჩეული სოფლის, უდის, ისტორიასა და რელიგიურ ყოფას მიმოიხილავს. მაშასადამე, ის ამ სოფლის წარსულსა და აწმყოზე, კერძოდ, მის მკვიდრთა აღმსარებლობასა და საეკლესიო ნაგებობებთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებზე გვიამბობს.

აღნიშნული საკითხები დღემდე აქტუალურ და საჭირბოროტო პრობლემადა რჩება და ამ პრობლემებს ისეთი სიმწვავე ახლავთ, რომ მათ საქართველოს ბედზე დაფიქრებული ვერცერთი მკითხველი გვერდს ვერ აუვლის და გულგრილი ვერ დარჩება. ავტორი მოგვითხრობს სოფელ უდის ეკლესიების თავგადასავალს მის მიერ მოპოვებული ყველა წერილობითი თუ ზეპირსიტყვიერი მასალის მიხედვით. აქ თავმოყრილია ქართული და უცხოური წერილობითი წყაროები და დასკვნები მათი ღრმა კვლევისა და ანალიზის საფუძველზე არის გამოტანილი. ავტორი კვლევის დროს ეყრდნობა გამოჩენილ მეცნიერთა და ისტორიკოსთა ნაშრომებს: მიქელ თამარაშვილის, მიქელ თარხნიშვილის, პეტრე მერაბიშვილის, შოთა ლომსაძისა და სხვების მემკვიდრეობას და ამ მემკვიდრეობას ბევრი ახალი და დღემდე უცნობი მასალით ავსებს. განსახილველი მონოგრაფიის ძირითადი ღირსებაა ავტორის შეუშინებელი პოზიცია. იგი არ ერიდება ჩვენს საზოგადოებაში გაბატონებული შეხედულებებისა და სტერეოტიპების კრიტიკას და წყაროების ანალიზის დროს ინარჩუნებს ობიექტურ და წმინდა მეცნიერულ დამოკიდებულებას. ნაშრომი გათვლილია როგორც სამეცნიერო, ისე, უბრალოდ, საკითხით დაინტერესებული მკითხველისათვის. ამის გამო ის დაწერილია ყველასთვის მისაწვდომი და გასაგები ენით, რაშიც იგრძნობა მკვლევარისა და ავტორის ოსტატობა და სათქმელის საყოველთაობა.

ამ რეცენზიის დასაწყისში ეპიგრაფად მოყვანილი სიტყვები "წიგნი ადამიანი არაა, წიგნი ადამიანამდე მიღწევის საშუალებაა...’’, ჩემი მოსაზრებით, ეხმაურება მონოგრაფიის რედაქტორის, პროფ. ზურაბ კიკნაძის, თანდართული წერილის სულისკვეთებას. ამ წერილის ავტორი, დიდი მეცნიერი და ბიბლიის მთარგმნელი, მაღალ შეფასებას აძლევს ავტორის (პროფ. ნუგზარ პაპუაშვილის) როგორც მეცნიერულ ღვაწლს, ისე მის მოქალაქეობრივ პოზიციას და იმედს გამოთქვამს, რომ ეს წიგნი ბევრი ადამიანის გულამდე მიაღწევს, არაერთ მკითხველს დააფიქრებს და ამით თავის მიზანს შეასრულებს. ის (ბ-ნი ზურაბი) ამბობს: ავტორი ,,არ კმაყოფილდება მოსახლეობისგან ინფორმაციის მიღებით: ცდილობს მთხრობელთა მენტალიტეტში შეღწევას და მათი გასაჭირისა და პრობლემების გათავისებას, მათ მიმართ მკვლევარის პიეტეტი საგრძნობია.’’

ნაშრომში აღწერილია ანტიკური ეპოქის დროინდელი სოფელი უდეს ისტორია, მისი ტოპონიმიკა, მისი ხალხის გამოცდილება სხვადასხვა საუკუნესა და სხვადასხვა ეპოქაში, - მისი ისტორიული, სოციალური, რელიგიურ-კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და კაცობრიობის საერთო სიმდიდრეა.

როდესაც პირველად გავეცანი მონოგრაფიის ფურცლებს, მაშინათვე ჩემი ყურადღება მიიქცია რედაქტორის გამონათქვამმა :,,დევნილი ეკლესია თავად გახდა მდევნელი და მიმტაცებელი’’. ამ გამონათქვამმა ასახა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში მომხდარი მოვლენები და ეს გამონათქვამი მე ამ მოვლენების ზუსტ ანალიზად და შეფასებად წარმომიდგა. მაინც რა და როგორ მოვლენებთან გვაქვს საქმე? ესაა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კათოლიკური საეკლესიო ნაგებობობების (უდის, ქუთაისის, ბათუმის, გორის, ივლიტის, ბუზმარეთის) მითვისების ფაქტები. მე არაერთხელ დავფიქრებულვარ ამ ფაქტებზე და ასეთ ფიქრებს ჩემში არაერთხელ გაუჩენია იმის განცდა, რომ დღევანდელ საქართველოში რელიგიური და სარწმუნოებრივი თვალსაზრისით უსამართლობა და უთანასწორობა ბატონობს. ეს სამწუხარო განცდა გამოწვეულია იმით, რომ ჩვენი ქვეყნის მართლმადიდებელი საზოგადოების დიდი ნაწილი პატივს არ სცემს არც ისტორიულ სიმართლეს, ფაქტებსა და წყაროებს და არც ქრისტე მაცხოვრის მცნებებს, ვიყოთ სამართლიანები და გვიყვარდეს მოყვასი. საზოგადოების ამ ნაწილს ქრისტეს მცნებები და მოყვასი რომ უყვარდეს, მაშინ საქართველოში ჩამოთვლილი კათოლიკური ეკლესიების მიტაცების ფაქტებს ადგილი აღარ ექნებოდა. ამასთან ერთად, მართლმადიდებელი ეკლესიისაგან კათოლიკური ეკლესიების მიტაცება პრინციპულად ეწინააღმდეგება ქრისტეს ეკლესიის ერთიანობის გამომხატველ მრწამსსა და ძირეულ მოძღვრებას: ,,ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია’’. მართლმადიდებელი ეკლესიისაგან კათოლიკური ეკლესიის ისტორიული შენობა-ნაგებობების მიტაცება ამ ორი ეკლესიის გაერთიანებას კი არ უწყობს ხელს, არამედ მათ შორის დაპირისპირებისა და სიძულვილის გაღვივებას, რაც წინააღმდეგობაშია იესო ქრისტეს მოძღვრებასა და სურვილთან: ,,არ იყოს თქვენში განხეთქილება, არამედ [ვიყოთ] გაერთიანებულნი გონებით და აზრით.’’ (1 კორ. 1,10); ,,რათა ყველა ერთი იყოს(იოან.17,21); ,,რათა ერთი იყვნენ, როგორც ჩვენ [მე და მამა] ვართ ერთნი(იოან17,21); ,,ნუთუ გაიყო ქრისტე?’’ (1 კორ. 1,13).

ნაშრომში ,,უდე და მისი ეკლესია’’ ყურადღებას იქცევს თავად ავტორის პოზიცია და და მის მიერ გამოკითხული რესპოდენტის პათეტიკა, რაც გამოხატულია საკითხთან მიმართებაში უკმაყოფილებით, სევდანარევი და იმედისმომცველი სამომავლო ხედვით, იმ ხედვით, რომ ისტორიული სამართლიანობა ოდესმე მაინც აღდგება. ვხედავთ, რომ ქართული კათოლიკური სამწყსოს მიმართ უსამართლო ქმედებები, რაც მისთვის საეკლესიო ნაგებობების ჩამორთმევით გამოიხატა, განპირობებული იქნა სხვადასხვა მიზეზებით. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ გასული საუკუნის 80-იან წლებში საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ასეთი მოწოდებების გაკეთება დაიწყო: ,,ყველა ქართველი მართლმადიდებელია!’’. ამან და მსგავსმა მოწოდებებმა ხელი შეეწყო ,,მართლმადიდებლური ნაციონალიზმის’’ აღზევებას, რამაც 90-იანი წლებიდან მასშტაბური ხასიათი მიიღო ქართული საზოგადოების ყველა ფენაში. ამნაირმა ნაციონალიზმმა და მოწოდებამ დროდადრო ღრმად შეაღწია ქართული მოსახლეობის აზროვნებასა და მენტალიტეტში, რამაც დაჩრდილა და მოსპო მოძმე ქართველ კათოლიკეთა რელიგიური გრძნობების და მდგომარეობის გათვალისწინება. ამასთან ერთად გაჩნდა უსაფუძვლო მოსაზრებები და პრეტენზიები, რომ თითქოს კათოლიკური საეკლესიო ნაგებობები საქართველოში ,,მითვისებულია’’ კათოლიკეთა მიერ და რომ ისინი ვითომ აშენებულია მართლმადიდებლური ტაძრების ნანგრევებზე. ეს მოსაზრებები და პრეტენზიები ამნაირად მოაზროვნე მართლმადიდებლების მხრიდან „დასაბუთებული“ იქნა არამეცნიერული და სუბიექტური მოსაზრებებით და განწყობილებით.

პროფ. ნ პაპუაშვილის სურვილი და მთავარი მიზანი სწორედ ასეთი მოსაზრებებისა და განწყობილებების სიცრუის დადასტურებაა. მის ნაშრომში მოყვანილ წყაროებზე დაყრდნობით ვასკვნით, რომ უდის ქრისტიანთა აღმსარებლობა, რასაც „ჩვენი თვალთახედვა სწვდება“ ყოველთვის კათოლიკობა იყო და ამ სოფელში მართლმადიდებლური სამრევლოს არსებობა ისტორიული წყაროების მიხედვით არ დასტურდება. ამავე წყაროებზე დაყრდნობით ვგებულობთ, რომ უდეში ცხოვრობდა ქრისტიანულ სამწყსოსთან ერთად მცირერიცხოვანი მუსლიმი მოსახლეობაც. მათ შორის კარგი ურთიერთობის თვალსაჩინო მაგალითია სოფლის ორივე რელიგიური მრწამსის მკვიდრთა (,,ორივ ტომით ქართველნი“) მიერ 1909 წელს ერთობლივი ძალით აშენებული უდის ეკლესიაა. მონოგრაფიის ავტორი საფუძვლიანად განიხილავს საინტერესო და თვალსაჩინო ქართული საისტორიო წყაროს - იოვანე ხოჯაშვილის ,,ახალციხური ქრონიკების“ - მონაცემებს. პროფ. ნუგზარ პაპუაშვილის დასკვნის მიხედვით ვიცით, რომ შუა საუკუნეების უდეში არსებობდა რიცხვმრავალი და მხოლოდ კათოლიკე ეკლესია, რადგან იქ სხვა აღმსარებლობის ქრისტიანები ,,არ ჩანან’’. იქ ჩვენთვის ნაცნობი და ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე ორი საკულტო ნაგებობა არსებობდა: სუბ სარქისის ანუ წმ. სერგის (შემდეგში წმ. გიორგის, ამჟამად წმ. ნინოს) სახელობისა და ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრები. მრევლი იყოფოდა ორად, აღმსარებლობით კი ისინი ერთნი იყვნენ (კათოლიკეები), თუმცა მათ შორის განსხვავება წირვა-ლოცვის აღსრულების საკითხში ანუ წეს-განგებაში, ესე იგი ტიპიკონში უნდა ყოფილიყო. სოფელში არსებობდა სომხური, ბერძნულ-ბიზანტიური და ლათინური წესები, თუმცა რწმენა ერთი იყო - კათოლიკური. ავტორი აღიარებს, რომ მიზეზი ამგვარი მრავალფეროვნების, გადანაწილების და დაყოფისა დღევანდელი თვალთახედვიდან გამომდინარე, ხელმისაწვდომი დოკუმენტების სიმწირის გამო, რთულად დასასაბუთებელია. ავტორის მოსაზრების მიხედვით, ასეთი გადანაწილების მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ მრევლის ,,ეროვნული ორიენტაცია და იდეალები’’. სომხური ტიპიკონის მიმდევრების მოძღვრებად დადგენილი იყვნენ ტერტერები, ბერძნულ-ბიზანტიურ ტიპიკონის მიმდევრების მოძღვრებად - მღვდლები, ლათინური ტიპიკონის მიმდევრების მოძღვრებად - პატრები. ავტორი მკაფიოდ აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ სოფელში მცხოვრებ მორწმუნეთა დიდი ნაწილი სომხური ტიპიკონის მიმდევარი იყო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მორწმუნე ეთნიკურად სომეხი იყო. უდის კათოლიკე მოსახლეობაში ქართული თვითშეგნება და იდენტობა თანდათან ძლიერდებოდა. ამის დასტურია შესანიშნავი სიტყვები უდის ღვთისმშობლის ეკლესიის სამშენებლო წარწერიდან: „...უდეს არიან კათოლიკეები 2120 სული მაშენებელი ამა საყდრისა, მაჰმადიანები - 520 სული; ორივე ტომით ქართველნი. ღვთისმშობელო, შენ გწირავთ ჩვენს შრომასა“.

ჩვენ შეგვიძლია, აღნიშნული მასალების მეშვეობით, დავინახოთ ქართველ კათოლიკეთა ქართული ორიენტაციის, ქართულენოვანი საეკლესიო პრაქტიკის შენარჩუნებისა და გაძლიერების წადილი მათი ღირსეული სულიერი წინამძღვრების თაოსნობით, რომლებიც ცდილობდნენ, არ მოქცეულიყვნენ თანააღმსარებლების განსხვავებული წესის, სომხურ-კათოლიკური წესის, გავლენის ქვეშ და თანაც პატივი ეცათ სულიერი მოძმეებისათვის, რაც ზემოთ ხსენებული სამივე წესის მორმწუნეთა მრავალფეროვნების, თანაცხოვრებისა და ჰარმონიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სურათია.

 

აქვე აღსანიშნავია ისტორიულ დოკუმენტებსა და გადმოცემებში შემონახული უდეს კათოლიკეების დაუცხრომელი ღვთისმოშურნეობა. მასალებში, რაც ბ-ნ ნუგზარს ამ წიგნში შეკრებილი აქვს, ასახულია ის დიდი ამაგი და ჯაფა, რაც ამ სოფლის მორწმუნეებმა შთამომავლობას სასულიერო და კულტურული მემკვიდრეობის სახით შემოუნახეს. ეს ამაგი და ჯაფა კარგად ჩანს სასულიერო მწერლობაში, ქადაგებებში, საეკლესიო ნაგებობებში და სხვა ძეგლებში, რითაც მდიდარია კათოლიკური უდის ისტორია და რასაც არაერთი ქართველი თუ უცხოელი მკვლევარ-მოგზაური მოუხიბლავს. ამ მემკვიდრეობის აღწერასა და მისი შესწავლის ისტორიას ნაშრომში დიდი ადგილი აქვს დათმობილი და ის დიდი სიყვარულით არის წარმოდგენილი.

 

,,მე ვაზი ვარ, თქვენ კი - ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს ისხამს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ''(იოან. 15,8).

 

წიგნი ,,უდე და მისი ეკლესია’’ ნამდვილ შედევრად მიმაჩნია თავისი უამრავი ღირსების გამო. ესაა სამეცნიერო, კულტურული, ისტორიული და მხატვრული ღირებულებები, რაც ნამდვილად იგრძნობა წიგნის გაცნობისას. იგი საქართველოს თანამედროვე ცხოვრებიდან მოგზაურობაა ახლო და შორეულ წარსულში. ესაა მატიანე, რომლის ფურცლები იმდენად მრავლისმომცველ ინფორმაციასა და ისტორიულ ნარატივს შეიცავს, რომ ამ გამოხმაურებაში ჩემგან შეუძლებელი იქნებოდა ყოველივეს აღწერა და ხაზგასმა. ფაქტი ჭეშმარიტად ერთია: ავტორის, პროფ. ნუგზარ პაპუაშვილის, მონოგრაფია ინფორმაციების, საკითხებისა და პრობლემების იმდენად დიდ, ობიექტურ და საყოველთაო ველს მოიცავს, რომ შეუძლებელია ამ ნაშრომმა სხვადასხვა კატეგორიის მკითხველი, არა მხოლოდ ქართველი კათოლიკეები, არამედ მართლმადიდებლები, პროტესტანტები, ანდა მუსლიმები, ანდა ნებისმიერი პატიოსანი ადამიანი არ დააფიქროს. დღევანდელი ქართველი მართლმადიდებლების დიდი ნაწილი ამ წიგნმა იმდენად უნდა დააფიქროს, რამდენადაც ისინი ისტორიის წინაშე დღეს მოძალადეებად და მტაცებლებად გამოიყურებიან, რის გამოც მათ (მოძალადე და ძალადობის გამამართლებელ მართლმადიდებლებს) ღვთის სამსჯავროზე პასუხი მოეთხოვებათ. ამასთან დაკავშირებით პროფ. ზურაბ კიკნაძე წერს: აღნიშნულმა ძალადობამ „თავად მართლმადიდებელი ეკლესიის ხილული სხეული შებღალა. ეს მართლმადიდებელი ეკლესიის სირცხვილია და ჩვენ, მართლმადიდებლებს, ამის გამო სინანული გვმართებს“. ჩემთვის ცნობილია, რომ მსგავსი პრობლემა პროტესტანტებს (ლუთერანულ ეკლესიასაც) აქვს (მაგალითად, ასურეთში). მუსლიმების ანალოგიური პრობლემები საყოველთაოდ ცნობილია.

მე არ მგონია, რომ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ თითოეულ ჭეშმარიტ მოქალაქეს, მორწმუნეს თუ არა მორწმუნეს, არ გაუჩნდეს სოლიდარობა და სიყვარული ჩვენი კათოლიკე ძმებისა და დების მიმართ, რომლებიც, როგორც რედაქტორი აღნიშნავს, ერთ დროს თვითონ დევნილი ეკლესიის (მართლმადიდებელი ეკლესიის) მიერ გახდნენ დევნილები, რაც ეკლესიების მოტყუებით წართმევაში გამოიხატა. ეს ყველაფერი კი საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოხდა.

კვლავ დაისმის კითხვა: ,,ნუთუ გაიყო ქრისტე?’’ (1 კორ. 1,13).

თუ ვინმეს ეჭვი გასჩენია კათოლიკური ეკლესიის წარმომავლობაში, ანდა მის ღირსეულ მკვიდრობაში, მის წინაშე დგანან ღირსეული და ღვაწლმოსილი ქართველი კათოლიკე მამულიშვილები. მონოგრაფია ,,უდე და მისი ეკლესია’’ ამ ყველაფრის გამოძახილია და კიდევ ერთი დიდი შენამატი როგორც ქართული საეკლესიო, ისე სამოქალაქო ისტორიისათვის. ჩვენს წინაშეა თანამედროვე ავტორის მიერ ყველასთვის გასაგებ ენაზე შესრულებული და საყოველთაოდ მნიშვნელოვანი ნაშრომი, რისთვისაც მე, როგორც რიგითი ქართველი მოქალაქე და მართლმადიდებელი, ბ-ნ ნუგზარ პაპუაშვილის მიმართ პატივისცემასა და მადლობას გამოვხატავ. მან ამ ნაშრომით მეტი შუქი და სიცხადე მოჰფინა იმ გზასა და ,,გულის ძახილს’’, რასაც ქართული კათოლიკე ეკლესია ატარებს.

 

და ბოლოს, მინდა ჯოზეფ ადისონის სიტყვებით დავასრულო ჩემი ეს გამოხმაურება წიგნზე ,,უდე და მისი ეკლესია“: კარგი წიგნი - ეს არის საჩუქარი, რომელიც ავტორმა უანდერძა კაცობრიობას''.

 

 

 

ზურაბ მურვანიძე

16.02.2022 წელი, თბილისი