Options

Today's Date

Friday, March 25, 2022

 

ზურაბ მურვანიძე

გამოხმაურება წიგნზე:

ზურაბ კიკნაძე, ,,მე ვარ გზა...’’ (წერილები ქრისტიანობაზე), გამომცემლობა Carpe diem, 2020

 

,,ერთადერთი შეუძლებელი მგზავრობა ისაა,

რომელიც არასდროს დაგიწყია.’’

ტონი რობინსი

 

    ეს გამოხმაურება ეძღვნება ქართველი ორიენტალისტის, ასირიოლოგის, დიდი მეცნიერის, კრიტიკოსისა და მოაზროვნის, ბიბლიის თანამედროვე ქართულად მთარგმნელისა და ინტერპრეტატორის, ფოლკლორისტისა და ლიტერატორის, ილიას უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორის _ ზურაბ კიკნაძის _ დასახელებულ წიგნს. მასში გაერთიანებულია ავტორის მიერ XX საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე სხვადასხვა გამოცემაში გამოქვეყნებული ესსეები და სტატიები, რომლებიც რელიგიური და ეროვნული თვითგააზრების საჭირბოროტო და მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.

    პირველ რიგში ყურადღებას იქცევს წიგნის სათაური, რომელიც ყველას (ვისაც კი ბიბლიასთან ოდნავი შეხება მაინც ჰქონია და აქვს) გვახსენებს საყოველთაოდ ცნობილ სახარებისეულ სიტყვებს, თვით იესო ქრისტეს მიერ წარმოთქმულს: ,,მე ვარ გზა...’’ (იოან.14,6).

მიუხედავად იმისა, რომ ამ ცნობილი ციტატის მრავალნაირი ინტერპრეტაცია არსებობს, კლასიკური და ყველაზე ზოგადი გაგებით ის მიანიშნებს ქრისტიანული რელიგიის არსზე, კერძოდ იმაზე, რომ ქრისტე არის გზა ჭეშმარიტებისკენ. ამის გათვალისწინებით მკითხველისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ზურაბ კიკნაძის წიგნში შეკრებილი ესსეები და სტატიები სწორედ ამ აზრის გათვალისწინებით არის დაწერილი. ავტორი აქ ოცზე მეტ საკითხს მიმოიხილავს კლასიკური ქრისტიანული პოზიციიდან.

ჩანს, ავტორს გამოთქმისათვის ,,მე ვარ გზა’’ შემთხვევით არ დაუსვამს მრავალწერტილი. ამ ხერხით ის ჩვენ, მკითხველებს, უსასრულობისკენ გვიბიძგებს, თანაც ლაკონიურად, მაგრამ ყოვლისმომცველი ფორმით. ამით ავტორი თითქოს მიგვანიშნებს: მართალია, ადამიანის გონება, ფიქრი და შესაძლებლობები ვრცელია, მაგრამ, ალბათ დამეთანხმებით, აზროვნების წინსვლების მიუხედავად, ყველა ეს პოტენციალი არასდროს არ ყოფილა და არაა სრულად ათვისებული. ყველა მატერიალურ თუ არამატერიალურ სივრცეში საწყისიდან სასრულამდე არსებობს გზა, რომელიც ვრცელი და მრავლისმომცველია კაცობრიობის არსებობის განმავლობაში სიცოცხლისა და ცხოვრების შესატყვისად ხშირად გამოიყენება ,,გზა’’ _  დაბადებიდან სიკვდილამდე და, ვინც ამ გზას გადის, მგზავრია!

    განსახილველი ნაშრომი, როგორც ავტორი, პროფ. ზურაბ კიკნაძე, მიიჩნევს, არ არის ქრისტიანული თეოლოგიის სისტემატური გადმოცემა. ეს, ცხადია, ასეა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამ ნაშრომის ყველა ძირითადი ასპექტი, ცალკეულ სტატიებში განხილული პრობლემები ავსებს და ამდიდრებს ერთმანეთს და გზადაგზა, ნაშრომის სათაურის მსგავსად, მიგვიძღვის ქრისტიანული სარწმუნოების არსისა და ბუნების შეცნობის გზაზე. წიგნის მთავარი ღირსება არსებითი სათქმელის საყოველთაოდ გასაგებ ენაზე გადმოცემაა ავტორის სიღრმისეული ანალიზითა და ნაფიქრ-ნააზრევით. წიგნის შინაარსი, სტრუქტურა, სათქმელის ლაკონურობა და მრავლისმეტყველება ნამდვილად არ დატოვებს გულგრილს სხვადასხვა ჟანრის მოყვარულსა თუ ნებისმიერი დონის მკითხველს რეცენზიის ეპიგრაფი: ,,ერთადერთი შეუძლებელი მგზავრობა ისაა, რომელიც არასდროს დაგიწყია’’ სრულად ესადაგება როგორც წიგნის სტრუქტურას, ისე მის შინაარსს, რაც საბოლოოდ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კითხვების ჭეშმარიტ პასუხებამდე მიგვიყვანს.

    მე, ამ წიგნის ერთ-ერთი მკითხველი, ნაშრომში მოცემულ თავებს და განხილულ საკითხებს შემდეგ ნაწილად დავყოფდი და დავსვამდი შეკითხვებს: 1. რელიგია და მეცნიერება, არის კი ადამიანი რელიგიური (Homo Religiosus)?, განსწავლულება განათლებაა? 2. ქრისტიანობის არსი, მისი ძირითადი დოგმები, მოძღვრება და რელიგიური პრაქტიკა როგორც საგზაო ნიშნები რა არის ცოცხალი რწმენა? რას ნიშნავს ,,ქრისტიანული ერი’’ და ,,ეროვნული ქრისტიანობა“? 4. ერი და კულტურა თუ ,,ერის კულტურა’’? ეკლესია და სახელმწიფო  5. კავკასია _ რელიგიათა, ეპოსთა და მრავალ სხვა ამგვარ მოვლენათა აკვანი.

    თითოეული ადამიანის ცხოვრება ხომ მოგზაურობაა?! ეს ქრისტიანულ მწერლობაში ბევრჯერაა ნათქვამი და დადასტურებული. გავიხსენოთ იოანე დამასკელი, რომელიც გვასწავლის: სამყარო თავისი გაჩენის დღიდანვე განუწყვეტლივ მოძრაობაშია, ცვალებადია და ჩვენც მასთან ერთად ვმოგზაურობთ დროში (,,ცოდნის წყარო’’ 3.3). IV საუკუნის გამოჩენილმა მეუდაბნოვე მოღვაწემ, სერაპიონ სინდონელმა ერთ-ერთი მოგზაურობისას განდეგილ ბერს ჰკითხა: ,,,რატომ ზიხარ აქ?რაზეც ბერმა უპასუხა: ,,მე არ ვზივარ, მე ვმოგზაურობ”. ბიბლიური თვალთახედვით, პირველ რიგში ჩვენ ამასოფლის მდგმურები ვართ, ზეციდან-მიწაზე, მიწიდან კი ზეცაში ვიწყებთ და ვასრულებთ მგზავრობას. ჩვენ ვართ მგზავრი მდგმურები, რომლებსაც დროებითი ,,ღამის გასათევი’’ გვაქვს დედამიწაზე, რადგანაც გზაში ვართ...

    ზურაბ კიკნაძის ამ ნაშრომს ანალოგიური შინაარსის სხვა ქართულლი წიგნებისგან თემატური მრავალფეროვნება გამოარჩევს. ავტორი განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ,,რა მწამს და რა ვიცი?’’, ,,ქრისტიანობის არსი’’, ,,ქრისტე აღდგა’’, ,,ეროვნული ქრისტიანობა’’, ,,ბიზანტიური მემკვიდრეობა’’, ,,ვლ. სოლოვიოვის ''ზნეობა და პოლიტიკის'' გამო'', ,,ორი სიმართლე'' ,,ჯადოსნური ზღაპრის ესქატოლოგია’’ და სხვა. ამ თემებზე საუბრისას ავტორი ავლენს საოცრად ფართო, ღრმა და ზუსტ ცოდნას ქრისტიანული თეოლოგიის, მეცნიერების (მათ შორის მეცნიერების ფილოსოფიის), რელიგიათმცოდნეობის, ფილოსოფიის, ისტორიის, მითოლოგიის, ფოლკლორისა და ეპოსის დარგებში.

    საქართველოს მდიდარი ჰაგიოგრაფიული, ფილოსოფიური, თეოლოგიური, ისტორიული და მხატვრული ლიტერატურის გამო მისი მოსახლეობის დიდი ნაწილი ყოველთვის იჩენდა ინტერესს სხვადასხვა ჟანრისა და თემატიკის წიგნებისადმი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე მსოფლიოში ტექნოლოგიურმა განვითარებამ, სეკულარული საზოგადოების ზრდამ, ფართოდ გავრცელებულმა მოსაზრებამ, რომ რელიგია მეცნიერების განვითარებისა და თანამედროვე აღმოჩენების გამო ვერ პასუხობს მოდერნისტული ეპოქის გამოწვევებს (რამაც დააკნინა და შეზღუდა თანამედროვე ადამიანის როგორც მოქალაქის როლი საზოგადოებაში), გამოიწვია რელიგიური განათლებისა და მსოფლმხედველობის სიმწირე. ამან კი, თავის მხრივ, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ რელიგიურ ნიადაგზე სხვადასხვა აღმსარებლობისა და სარწმუნოების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება, გაუგებრობა და უთანასწორობა გამოიწვია. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, სხვა ინტელექტუალურ სიკეთეებთან ერთად, ზ. კიკნაძის წიგნი ,,მე ვარ გზა’’ შეგვიძლია საზოგადოებაში არსებული ზემოხსენებული ნაპრალების ამოვსების საშუალებად მივიჩნიოთ.

    ნაშრომში მიმოხილულია რელიგიისა და მეცნიერების დანიშნულება და მისია. ავტორი ცდილობს ჩამოაყალიბოს მეცნიერებისა და რელიგიის ცალკეული ასპექტები კაცობრიობის ისტორიაში, გამიჯნოს და დაასაბუთოს მოსაზრება, რომლის თანახმად ისინი არანაირ ხელისშემშლელ ფაქტორს არ წარმოადგენენ ერთმანეთისთვის, მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში ისინი ერთმანეთს ავსებენ... ამ ყოველივეს საილუსტრაციოდ პროფ. ზურაბ კიკნაძე იმოწმებს ვილჰელმ დალთაის მოსაზრებას, რომელმაც ერთმანეთისგან გამიჯნა ,,ახსნითი’’ (Erklärende) ანუ საბუნებისმეტყველო (Naturwissenschaften) და ,,გაგებითი’’ (Verstehende) ანუ სულის მეცნიერებები (Geisteswissenschaften).

ბუნებისმეტყველი მოვლენების ასახსნელად ბუნებაში ეძებს მიზეზშედეგობრივ კავშირებს, სულის მეცნიერება (ჰუმანიტარული მეცნიერება) კი ცდილობს ახსნას საგნის არა ფენომენი, არამედ საგნის არსი და ჩასწვდეს მის საზრისს. მეცნიერების ორივე მიმართულების საკვლევი მეთოდები ერთმანეთისთვის გამოუსადეგარია და სხვადასხვაა. თუ ვინმე გადაწყვეტს ამ ორი დისციპლინის ერთმანეთთან დაპირისპირებას, ეს იქნება წმინდად ,,წყლის ნაყვა’’, ხოლო რაც შეეხება მათ წინააღმდეგობას საუკუნეთა განმავლობაში, მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ,,მეცნიერებების თითქმის ყველა დარგი, ასტრონომიიდან დაწყებული მედიცინამდე, სწორედ იმ ეპოქებში წარმოიშვა და განვითარდა, როცა რელიგია ეკლესიის სახით საზოგადოების ცხოვრების განმსაზღვრელი იყო’’ (ზურაბ კიკნაძე). აქვე, წიგნში, ხაზგასმულია, რომ რაიმეს რწმენა არ უშლის ხელს მეცნიერების დამოუკიდებლად განვითარებას, ვინაიდან, როგორც ავტორი ამბობს: ,,რწმენა არ არის რელიგიის ექსკლუზიური საკუთრება.’’

    ავტორი ასე მსჯელობს: ადამიანი თავისი ბუნებით რელიგიური არსებაა როდესაც ადამიანი მწარმოებელი ადამიანის მდგომარეობიდან (Homo Faber) გადავიდა გონიერი ადამიანის (Homo Sapiens) მდგომარეობაში, ისტორიულ, არქეოლოგიურ არტეფაქტებზე და კაცობრიობის რელიგიურ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიძლება თავისუფლად ვიფიქროთ, რომ იგი გახდა რელიგიური ადამიანი (Homo Religiosus). მას გაუჩნდა მოთხოვნილება, ყოფილიყო დამოკიდებული რაღაც მასზე უმაღლესზე ან განსხვავებულზე, რომელზედაც იგი იქნებოდა სრულიად მინდობილი, რათა მას ჰქონოდა რიდი, იმედი და, რაც მთავარია, მიზანი. მას უნდოდა, მის გარშემო განვითარებული ცვლილებებები, მოვლენები, შეუცნობელი საგნების დანიშნულება აეხსნა რელიგიის საფუძველზე.

    რა არის რელიგია? _ ამქვეყნიური მოვლენა თუ ზეციური? ნორმატიულ აქტთა სისტემაა ის თუ გზა მარადისობისაკენ? თუ რელიგიის გვიანდელ ქრისტიანულ დეფინიციას მივყვებით, მაშინ „რელიგია“ ნიშნავს იმ კავშირის კვლავ აღდგენას, რომელიც გაწყდა ადამსა და ღმერთს შორის ,,დიდი უფსკრულის’’ სახით. როგორც ჩანს, ავტორს უფრო სარწმუნოდ ტერმინ „რელიგიის“ ასეთი ეტიმოლოგია მიაჩნია: religio ლათინური სიტყვაა და იგი შეიძლება განიმარტოს, როგორც `კავშირის აღდგენა, განახლება: re _ კვლავ, ligere  _ შეკვრა. შესაბამის კითხვებზე ზ. კიკნაძე ასე პასუხობს: ,,რელიგია მხოლოდ სამოთხის გარეთ თუ წარმოიშვებოდა, როგორც წამალი და სახსარი გამჩენთან დაბრუნებისა. იქნებ სწორი იყოს მატერიალისტურ-ათეისტური შეხედულება, რელიგიას ისტორიულ მოვლენად რომ მიიჩნევს, რომელსაც აქვს დასაწყისი და ექნება დასასრულიც.’’ მრავლისმეტყველია პროფესორის ეს სიტყვები:

,,ქრისტიანი მარადი რევოლუციონერია... იგი ეძებს მხოლოდ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს''.

   ავტორი საუბარს აგრძელებს ქრისტიანობის არსზე, განმარტავს ქრისტიანული მოძღვრების ძირითად დოგმებს, მათ ნიშან-თვისებებსა და იმ მცნებებს, რაც ეკლესიას სწამს და რომელთა შესრულება მის შვილებს მოეთხოვებათ. კითხვას, თუ რა არის ქრისტიანული სარწმუნოების საზრისი და მიზანი, ავტორი დიდ ადგილს უთმობს. მისი თქმით, ,,მტკიცება იმისა, რომ ქრისტიანობა მტრულია ადამიანის აქტივობისადმი, პირველყოვლისა, მთელს ისტორიას ეწინააღმდეგება.’’ ბ-ნი ზ. კიკნაძე აღნიშნავს, რომ  ქრისტიანისთვის ,,ღმერთი პიროვნებათა’’ ღმერთია და თავადაც პიროვნებაა. ქრისტიანს ,,სწამს ის ღმერთი, რომელიც მას ხედავს, ცნობს პიროვნულად, უსმენს, პასუხობს ან დუმს...’’ ავტორი კითხვას ასე სვამს: რა გავლენა აქვს იმ ძირითად მოვლენებს, რაც რწმენის ობიექტად იქცა საუკუნეთა განმავლობაში, ქრისტეს მიმდევართათვის? აქ ისეთი მოვლენები იგულისხმება, რომლებიც ეყრდნობა არა მხოლოდ რწმენას, არამედ ისტორიულად დასაბუთებულ ფაქტებს. ასეთ მოვლენათა რიგს, ავტორის აზრით, პირველ რიგში, განეკუთვნება ,,აღდგომა’’ როგორც საყოველთაო აღდგომის წინასახე. პროფესორი ასე მსჯელობს: სოტერიოლოგია (სწავლება ხსნის შესახებ) ქრისტიანობის ექსკლუზიური საკუთრება როდია მხოლოდ?! მაგრამ თუ რისგანაა ხსნა, ან როგორია ხსნა, ამას სპეციფიკურად მხოლოდ ქრისტიანობა განმარტავს. ასევე დაისმის კითხვა: ,,არსებობს კი დღეს ქრისტიანობის აპოლოგიის საჭიროება?’’ ავტორი ცდილობს, რომ ამ კითხვას უპასუხოს საკუთრივ ქრისტიანული პერსპექტივიდან და თანაც _ ვრცლად და ხატოვნად. 

    ორიოდე წლის წინ ,,კავკასიურ სახლში’’ ბ-ნმა ზურაბ კიკნაძემ და პროფ. ნუგზარ პაპუაშვილმა წაიკითხეს ლექცია თემაზე: „ქრისტიანობის არსი და მისი გავრცელება საქართველოში“. ბ-ნმა ნუგზარმა მისი მოხსენება დაასრულა შემდეგი სიტყვებით: ,,ქართველი ხალხის ქრისტეს რჯულზე მოქცევის პროცესი უკიდეგანოა და ის დღემდე გრძელდება.’’ ამ ფრაზამ ზოგიერთ მსმენელს აფიქრებინა, რომ ლექტორი თითქოს საქართველოს არა ქრისტიანი მოსახლეობის ქრისტეს რჯულზე მოქცევას მოითხოვდა. მან ეს ნათქვამი განმარტა და ასე დააკონკრეტა: ტაძრები შეიძლება სავსე იყოს მრევლით, კეთდებოდეს უამრავი შესაწირავი, აწარმოებდნენ კალმასობას (მღვდლები და ბერები აგროვებდნენ სხვადასხვა სახის შეწირულობებს ეკლესია-მონასტრებისათვის), ხდებოდეს ქვათა ეკლესია-მონასტრების აგება, იკურთხებოდეს სახლები, იმართებოდეს ტრაპეზები და ასე შემდეგ, თუმცა ამ ყველაფერს, მისივე თქმით, უხილავ ანუ სულიერ ეკლესიასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდეს. ამდენად, შეიძლება ვიყოთ ისეთი და იმ სახის რელიგიურები, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ქრისტეს მოძღვრებასა და, მაშასადამე, საღ სარწმუნოებასთან. ჯანმრთელი რელიგიურობა და საღი სარწმუნოება მაღალ სულიერ იდეალებს უნდა ემსახურებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე მხოლოდ ფორმალურ რელიგიურობასა და სარწმუნოებასთან გექნება. ფორმალიზმს რელიგიაში არაფერი აქვს საერთო ნამდვილ რელიგიურობასთან. გარეგანი რელიგიურობა მხოლოდ პრაქტიკული წესების შესრულებით იწყება და მთავრდება. შესაბამისი შეკითხვით ბ-ნ ნუგზარს, სხვათა შორის, ქუთაისელმა მსმენელებმა მიმართეს და თითქოს გულისწყრომაც გამოხატეს: როგორ, განა ქართველი ერი ქრისტეს რჯულზე მოქცეული არ არის?! ვფიქრობ, მაშინ ლექტორს (ბ-ნ ნუგზარს) დრო არ ეყო, თორემ კარგი იქნებოდა, ქუთაისელი მსმენელებისათვის შეეხსენებინა ამ ქალაქის კათოლიკური ეკლესიის მართლმადიდებლად ცნობილი ადამიანებისაგან მიტაცების ფაქტი და ეკითხა მათთვის, ქუთაისელი მსმენელებისათვის: სხვისი საეკლესიო ნაგებობების მისაკუთრება და ასეთ საქციელზე თვალის დახუჭვა თქვენთვის, ქუთაისელი მართლმადიდებლებისათვის, ქრისტიანობის ნიშანია?!

   პროფ. ზურაბ კიკნაძის დასახელებული ნაშრომის მთავარი ღირსება და დანიშნულება იმაში მდგომარეობა, რომ გვასწავლის, თუ რა არის ქრისტიანული მოძღვრება და როგორია ქრისტიანული ცხოვრება. ამ ყველაფრის შეხსენება ჩვენს საზოგადოებას ძალიან სჭირდება. საქართველოში, სამწუხაროდ, ტაძარში სიარული საკუთარი ავტორიტეტის გასამყარებელ საშუალებად იქცა, სარიტუალო მსახურებაში და საიდუმლოებებში მონაწილეობა _ გარეგანი ქრისტიანული მორწმუნეობის ერთგვარ ლეგიტიმაციად, უფრო _ ფსევდო-ლეგიტიმაციად, ხოლო ბიბლიური ლიტერატურა _ თაროების დასამშვენებლად. ამ ყველაფერს, ვფიქრობ, ექოსავით გასდევს არც თუ ისე შორეული წარსულის გადმონაშთი: ჩვენი წინაპრები იყვნენ ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანები, ჩვენც ვაგრძელებთ ამ გზას და ჩვენი შვილებიც უნდა იყვნენ მართლმადიდებლები. ასეთი შეხედულების საპირისპიროდ ბ-ნი ზურაბი წერს: როდესაც ,,ნაციონალური იდეა, დოგმატის ხარისხში ადის, ეკლესიოლოგიურ  განზომილებას იძენს და სოტერიოლოგიურ პერსპექტივაში განიხილება, ეს არის დღევანდელი ნაციონალური ავტოკეფალური ეკლესიების სენი''. დავძენ: ჩვენ ისე არ უნდა დაგვემართოს, როგორც I საუკუნის იუდეველებს მოუვიდათ, რომელთა შესახებ მოციქული პავლე წერდა: ,,განისუენებ შჯულსა ზედა’’ (რომ.2,17). ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქრისტიანობით პრივილიგირებულად არ უნდა მივიჩნიოთ თავი არც ღვთის და არც სხვა ვინმეს წინაშე.

    არსებობს ტრადიციები, რომლებიც დროდადრო გაიფილტრა, დაიწმინდა და შემორჩა როგორც მაღალი სულიერი იდეალების მატარებელი წეს-ჩვეულებები. ასეთი ტრადიციების დაცვა სასურველია, თუმცა ტრადიციებს ცოცხალ რწმენასთან არაფერი აქვს საერთო, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ქრისტიანობას ეხება. ქრისტიანობა ხომ ყველა დროში თანამედროვეა?! თუ ,,ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია’’, მაშინ სარმწუნოებას უხდება იმის დაძლევა, რაც მასში დასაძლევია. ბ-ნ ზურაბის მითითებით, ქრისტეს რჯული ის უნივერსალური მოცემულობაა, სადაც, როგორც მოციქული ბრძანებს, ,,უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი, და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.’’ (გალ.3,28). ზურაბ კიკნაძის მთავარი მიზანია ქრისტიანული სარმწუნოების მისიისა და დანიშნულების გადმოცემა ყველასთვის გასაგებ ენაზე. ყოველივე ეს ხელს უწყობს ქრისტიანობის ავთენტური არსის გააზრებას და, ამ გზით, ადამიანის სულიერ ზრდას, ,,გაუკეთესებას’’, ღმერთთან კვლავ დაკავშირებას, შერიგებასა და საბოლოოდ _ ,,განღმრთობას’’.

    ,,მე ვარ გზა’’ არის გზავნილი თითოეული პიროვნებისადმი, _ ასევე საზოგადოებისადმი და სრულიად კაცობრიობისადმი. ავტორის სიტყვებით რომ ვთქვათ, ესაა გზავნილი კაცობრიობისადმი ,,როგორც ერთი ჰიპოსტასისადმი“, როგორც „არსებათა შორის უნიკალური სახეობისადმი’’. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესაა ერთ-ერთი დამხმარე საშუალება ზეციური სახლისკენ მიმავალ გზაზე მართებულად და სწორად სამოგზაუროდ. დაე, ,,გზამ დაიფაროს ყველა მგზავრი...’’ (შ. ბაკურაძის ლექსიდან „საღვთომან ნისლმან“).

    უღრმესი მადლობა მსურს გადავუხადო ბ-ნ ზურაბს ასეთი საინტერესო წიგნისათვის, _ ღრმა ნააზრევისათვის, რომელიც გზადაგზა ჭეშმარიტი შუქის მოფენის ტოლფასია, _ შუქისა იმ ქრისტიანული იდეალების შესაცნობად, რის გარეშეც, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, ყოველი ქრისტიანი განძარცვული იქნება საღი სარწმუნოებისგან და ჭეშმარიტი სიცოცხლისაგან... მსურს ჩემი გამოხმაურება კალისტე უერის სიტყვებით დავასრულო ,,ქრისტეს არ უთქვამს: ,,მე ვარ ტრადიცია”; მან თქვა: ,,მე ვარ სიცოცხლე’’.

,,ესე არის ძლევა, სოფლის მძლეველი, ჩვენი რწმენა“ (1იოან. 5.4)

,,მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.'' (იოან.14,6)

 

 

 

ზურაბ მურვანიძე. გურია. 22.03.22

 

Thursday, February 17, 2022

რეცენზია: „უდე და მისი ეკლესია“

 



"
წიგნი ადამიანი არაა, წიგნი ადამიანამდე მიღწევის საშუალებაა...’’

ჩეზარე პავეზე

გამოხმაურება

პროფ. ნუგზარ პაპუაშვილის წიგნზე „უდე და მისი ეკლესია“

ზოგადად: წიგნი რომ თავისთავად გვეხმარება ახალი ან ძველი სამყაროს კიდევ უფრო ფართოდ აღქმაში, მგონია, რომ ამაზე არავინ დაობს. თუმცა, რაც შეეხება სამეცნიერო-კვლევითი სახის ნაშრომსა და წიგნს, მას თავისი ორიგინალური და საჭირბოროტო ხასიათი გააჩნია, რაც უმეტეს შემთხვევაში საზოგადოებასა და ისტორიაში გაჩენილ შეკითხვებზე პასუხის ამა თუ იმ ფორმით გაცემას გულისხმობს, ანდა: პრობლემის წამოჭრასა და გადაჭრას, ყოველ შემთხვევაში - გადაჭრის მცდელობას მაინც.

ამიტომ არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ამ უახლოეს პერიოდში გამოცემულ მონოგრაფიას ,,უდე და მისი ეკლესია’’, რომლის ავტორი არის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ეკლესიის ისტორიის საკითხებში გამორჩეული მკვლევარი, პუბლიცისტი ნუგზარ პაპუაშვილი. ეს წიგნი სამცხე-საათაბაგოს ერთ-ერთი გამორჩეული სოფლის, უდის, ისტორიასა და რელიგიურ ყოფას მიმოიხილავს. მაშასადამე, ის ამ სოფლის წარსულსა და აწმყოზე, კერძოდ, მის მკვიდრთა აღმსარებლობასა და საეკლესიო ნაგებობებთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებზე გვიამბობს.

აღნიშნული საკითხები დღემდე აქტუალურ და საჭირბოროტო პრობლემადა რჩება და ამ პრობლემებს ისეთი სიმწვავე ახლავთ, რომ მათ საქართველოს ბედზე დაფიქრებული ვერცერთი მკითხველი გვერდს ვერ აუვლის და გულგრილი ვერ დარჩება. ავტორი მოგვითხრობს სოფელ უდის ეკლესიების თავგადასავალს მის მიერ მოპოვებული ყველა წერილობითი თუ ზეპირსიტყვიერი მასალის მიხედვით. აქ თავმოყრილია ქართული და უცხოური წერილობითი წყაროები და დასკვნები მათი ღრმა კვლევისა და ანალიზის საფუძველზე არის გამოტანილი. ავტორი კვლევის დროს ეყრდნობა გამოჩენილ მეცნიერთა და ისტორიკოსთა ნაშრომებს: მიქელ თამარაშვილის, მიქელ თარხნიშვილის, პეტრე მერაბიშვილის, შოთა ლომსაძისა და სხვების მემკვიდრეობას და ამ მემკვიდრეობას ბევრი ახალი და დღემდე უცნობი მასალით ავსებს. განსახილველი მონოგრაფიის ძირითადი ღირსებაა ავტორის შეუშინებელი პოზიცია. იგი არ ერიდება ჩვენს საზოგადოებაში გაბატონებული შეხედულებებისა და სტერეოტიპების კრიტიკას და წყაროების ანალიზის დროს ინარჩუნებს ობიექტურ და წმინდა მეცნიერულ დამოკიდებულებას. ნაშრომი გათვლილია როგორც სამეცნიერო, ისე, უბრალოდ, საკითხით დაინტერესებული მკითხველისათვის. ამის გამო ის დაწერილია ყველასთვის მისაწვდომი და გასაგები ენით, რაშიც იგრძნობა მკვლევარისა და ავტორის ოსტატობა და სათქმელის საყოველთაობა.

ამ რეცენზიის დასაწყისში ეპიგრაფად მოყვანილი სიტყვები "წიგნი ადამიანი არაა, წიგნი ადამიანამდე მიღწევის საშუალებაა...’’, ჩემი მოსაზრებით, ეხმაურება მონოგრაფიის რედაქტორის, პროფ. ზურაბ კიკნაძის, თანდართული წერილის სულისკვეთებას. ამ წერილის ავტორი, დიდი მეცნიერი და ბიბლიის მთარგმნელი, მაღალ შეფასებას აძლევს ავტორის (პროფ. ნუგზარ პაპუაშვილის) როგორც მეცნიერულ ღვაწლს, ისე მის მოქალაქეობრივ პოზიციას და იმედს გამოთქვამს, რომ ეს წიგნი ბევრი ადამიანის გულამდე მიაღწევს, არაერთ მკითხველს დააფიქრებს და ამით თავის მიზანს შეასრულებს. ის (ბ-ნი ზურაბი) ამბობს: ავტორი ,,არ კმაყოფილდება მოსახლეობისგან ინფორმაციის მიღებით: ცდილობს მთხრობელთა მენტალიტეტში შეღწევას და მათი გასაჭირისა და პრობლემების გათავისებას, მათ მიმართ მკვლევარის პიეტეტი საგრძნობია.’’

ნაშრომში აღწერილია ანტიკური ეპოქის დროინდელი სოფელი უდეს ისტორია, მისი ტოპონიმიკა, მისი ხალხის გამოცდილება სხვადასხვა საუკუნესა და სხვადასხვა ეპოქაში, - მისი ისტორიული, სოციალური, რელიგიურ-კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და კაცობრიობის საერთო სიმდიდრეა.

როდესაც პირველად გავეცანი მონოგრაფიის ფურცლებს, მაშინათვე ჩემი ყურადღება მიიქცია რედაქტორის გამონათქვამმა :,,დევნილი ეკლესია თავად გახდა მდევნელი და მიმტაცებელი’’. ამ გამონათქვამმა ასახა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში მომხდარი მოვლენები და ეს გამონათქვამი მე ამ მოვლენების ზუსტ ანალიზად და შეფასებად წარმომიდგა. მაინც რა და როგორ მოვლენებთან გვაქვს საქმე? ესაა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კათოლიკური საეკლესიო ნაგებობობების (უდის, ქუთაისის, ბათუმის, გორის, ივლიტის, ბუზმარეთის) მითვისების ფაქტები. მე არაერთხელ დავფიქრებულვარ ამ ფაქტებზე და ასეთ ფიქრებს ჩემში არაერთხელ გაუჩენია იმის განცდა, რომ დღევანდელ საქართველოში რელიგიური და სარწმუნოებრივი თვალსაზრისით უსამართლობა და უთანასწორობა ბატონობს. ეს სამწუხარო განცდა გამოწვეულია იმით, რომ ჩვენი ქვეყნის მართლმადიდებელი საზოგადოების დიდი ნაწილი პატივს არ სცემს არც ისტორიულ სიმართლეს, ფაქტებსა და წყაროებს და არც ქრისტე მაცხოვრის მცნებებს, ვიყოთ სამართლიანები და გვიყვარდეს მოყვასი. საზოგადოების ამ ნაწილს ქრისტეს მცნებები და მოყვასი რომ უყვარდეს, მაშინ საქართველოში ჩამოთვლილი კათოლიკური ეკლესიების მიტაცების ფაქტებს ადგილი აღარ ექნებოდა. ამასთან ერთად, მართლმადიდებელი ეკლესიისაგან კათოლიკური ეკლესიების მიტაცება პრინციპულად ეწინააღმდეგება ქრისტეს ეკლესიის ერთიანობის გამომხატველ მრწამსსა და ძირეულ მოძღვრებას: ,,ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია’’. მართლმადიდებელი ეკლესიისაგან კათოლიკური ეკლესიის ისტორიული შენობა-ნაგებობების მიტაცება ამ ორი ეკლესიის გაერთიანებას კი არ უწყობს ხელს, არამედ მათ შორის დაპირისპირებისა და სიძულვილის გაღვივებას, რაც წინააღმდეგობაშია იესო ქრისტეს მოძღვრებასა და სურვილთან: ,,არ იყოს თქვენში განხეთქილება, არამედ [ვიყოთ] გაერთიანებულნი გონებით და აზრით.’’ (1 კორ. 1,10); ,,რათა ყველა ერთი იყოს(იოან.17,21); ,,რათა ერთი იყვნენ, როგორც ჩვენ [მე და მამა] ვართ ერთნი(იოან17,21); ,,ნუთუ გაიყო ქრისტე?’’ (1 კორ. 1,13).

ნაშრომში ,,უდე და მისი ეკლესია’’ ყურადღებას იქცევს თავად ავტორის პოზიცია და და მის მიერ გამოკითხული რესპოდენტის პათეტიკა, რაც გამოხატულია საკითხთან მიმართებაში უკმაყოფილებით, სევდანარევი და იმედისმომცველი სამომავლო ხედვით, იმ ხედვით, რომ ისტორიული სამართლიანობა ოდესმე მაინც აღდგება. ვხედავთ, რომ ქართული კათოლიკური სამწყსოს მიმართ უსამართლო ქმედებები, რაც მისთვის საეკლესიო ნაგებობების ჩამორთმევით გამოიხატა, განპირობებული იქნა სხვადასხვა მიზეზებით. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ გასული საუკუნის 80-იან წლებში საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ასეთი მოწოდებების გაკეთება დაიწყო: ,,ყველა ქართველი მართლმადიდებელია!’’. ამან და მსგავსმა მოწოდებებმა ხელი შეეწყო ,,მართლმადიდებლური ნაციონალიზმის’’ აღზევებას, რამაც 90-იანი წლებიდან მასშტაბური ხასიათი მიიღო ქართული საზოგადოების ყველა ფენაში. ამნაირმა ნაციონალიზმმა და მოწოდებამ დროდადრო ღრმად შეაღწია ქართული მოსახლეობის აზროვნებასა და მენტალიტეტში, რამაც დაჩრდილა და მოსპო მოძმე ქართველ კათოლიკეთა რელიგიური გრძნობების და მდგომარეობის გათვალისწინება. ამასთან ერთად გაჩნდა უსაფუძვლო მოსაზრებები და პრეტენზიები, რომ თითქოს კათოლიკური საეკლესიო ნაგებობები საქართველოში ,,მითვისებულია’’ კათოლიკეთა მიერ და რომ ისინი ვითომ აშენებულია მართლმადიდებლური ტაძრების ნანგრევებზე. ეს მოსაზრებები და პრეტენზიები ამნაირად მოაზროვნე მართლმადიდებლების მხრიდან „დასაბუთებული“ იქნა არამეცნიერული და სუბიექტური მოსაზრებებით და განწყობილებით.

პროფ. ნ პაპუაშვილის სურვილი და მთავარი მიზანი სწორედ ასეთი მოსაზრებებისა და განწყობილებების სიცრუის დადასტურებაა. მის ნაშრომში მოყვანილ წყაროებზე დაყრდნობით ვასკვნით, რომ უდის ქრისტიანთა აღმსარებლობა, რასაც „ჩვენი თვალთახედვა სწვდება“ ყოველთვის კათოლიკობა იყო და ამ სოფელში მართლმადიდებლური სამრევლოს არსებობა ისტორიული წყაროების მიხედვით არ დასტურდება. ამავე წყაროებზე დაყრდნობით ვგებულობთ, რომ უდეში ცხოვრობდა ქრისტიანულ სამწყსოსთან ერთად მცირერიცხოვანი მუსლიმი მოსახლეობაც. მათ შორის კარგი ურთიერთობის თვალსაჩინო მაგალითია სოფლის ორივე რელიგიური მრწამსის მკვიდრთა (,,ორივ ტომით ქართველნი“) მიერ 1909 წელს ერთობლივი ძალით აშენებული უდის ეკლესიაა. მონოგრაფიის ავტორი საფუძვლიანად განიხილავს საინტერესო და თვალსაჩინო ქართული საისტორიო წყაროს - იოვანე ხოჯაშვილის ,,ახალციხური ქრონიკების“ - მონაცემებს. პროფ. ნუგზარ პაპუაშვილის დასკვნის მიხედვით ვიცით, რომ შუა საუკუნეების უდეში არსებობდა რიცხვმრავალი და მხოლოდ კათოლიკე ეკლესია, რადგან იქ სხვა აღმსარებლობის ქრისტიანები ,,არ ჩანან’’. იქ ჩვენთვის ნაცნობი და ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე ორი საკულტო ნაგებობა არსებობდა: სუბ სარქისის ანუ წმ. სერგის (შემდეგში წმ. გიორგის, ამჟამად წმ. ნინოს) სახელობისა და ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრები. მრევლი იყოფოდა ორად, აღმსარებლობით კი ისინი ერთნი იყვნენ (კათოლიკეები), თუმცა მათ შორის განსხვავება წირვა-ლოცვის აღსრულების საკითხში ანუ წეს-განგებაში, ესე იგი ტიპიკონში უნდა ყოფილიყო. სოფელში არსებობდა სომხური, ბერძნულ-ბიზანტიური და ლათინური წესები, თუმცა რწმენა ერთი იყო - კათოლიკური. ავტორი აღიარებს, რომ მიზეზი ამგვარი მრავალფეროვნების, გადანაწილების და დაყოფისა დღევანდელი თვალთახედვიდან გამომდინარე, ხელმისაწვდომი დოკუმენტების სიმწირის გამო, რთულად დასასაბუთებელია. ავტორის მოსაზრების მიხედვით, ასეთი გადანაწილების მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ მრევლის ,,ეროვნული ორიენტაცია და იდეალები’’. სომხური ტიპიკონის მიმდევრების მოძღვრებად დადგენილი იყვნენ ტერტერები, ბერძნულ-ბიზანტიურ ტიპიკონის მიმდევრების მოძღვრებად - მღვდლები, ლათინური ტიპიკონის მიმდევრების მოძღვრებად - პატრები. ავტორი მკაფიოდ აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ სოფელში მცხოვრებ მორწმუნეთა დიდი ნაწილი სომხური ტიპიკონის მიმდევარი იყო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მორწმუნე ეთნიკურად სომეხი იყო. უდის კათოლიკე მოსახლეობაში ქართული თვითშეგნება და იდენტობა თანდათან ძლიერდებოდა. ამის დასტურია შესანიშნავი სიტყვები უდის ღვთისმშობლის ეკლესიის სამშენებლო წარწერიდან: „...უდეს არიან კათოლიკეები 2120 სული მაშენებელი ამა საყდრისა, მაჰმადიანები - 520 სული; ორივე ტომით ქართველნი. ღვთისმშობელო, შენ გწირავთ ჩვენს შრომასა“.

ჩვენ შეგვიძლია, აღნიშნული მასალების მეშვეობით, დავინახოთ ქართველ კათოლიკეთა ქართული ორიენტაციის, ქართულენოვანი საეკლესიო პრაქტიკის შენარჩუნებისა და გაძლიერების წადილი მათი ღირსეული სულიერი წინამძღვრების თაოსნობით, რომლებიც ცდილობდნენ, არ მოქცეულიყვნენ თანააღმსარებლების განსხვავებული წესის, სომხურ-კათოლიკური წესის, გავლენის ქვეშ და თანაც პატივი ეცათ სულიერი მოძმეებისათვის, რაც ზემოთ ხსენებული სამივე წესის მორმწუნეთა მრავალფეროვნების, თანაცხოვრებისა და ჰარმონიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სურათია.

 

აქვე აღსანიშნავია ისტორიულ დოკუმენტებსა და გადმოცემებში შემონახული უდეს კათოლიკეების დაუცხრომელი ღვთისმოშურნეობა. მასალებში, რაც ბ-ნ ნუგზარს ამ წიგნში შეკრებილი აქვს, ასახულია ის დიდი ამაგი და ჯაფა, რაც ამ სოფლის მორწმუნეებმა შთამომავლობას სასულიერო და კულტურული მემკვიდრეობის სახით შემოუნახეს. ეს ამაგი და ჯაფა კარგად ჩანს სასულიერო მწერლობაში, ქადაგებებში, საეკლესიო ნაგებობებში და სხვა ძეგლებში, რითაც მდიდარია კათოლიკური უდის ისტორია და რასაც არაერთი ქართველი თუ უცხოელი მკვლევარ-მოგზაური მოუხიბლავს. ამ მემკვიდრეობის აღწერასა და მისი შესწავლის ისტორიას ნაშრომში დიდი ადგილი აქვს დათმობილი და ის დიდი სიყვარულით არის წარმოდგენილი.

 

,,მე ვაზი ვარ, თქვენ კი - ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს ისხამს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ''(იოან. 15,8).

 

წიგნი ,,უდე და მისი ეკლესია’’ ნამდვილ შედევრად მიმაჩნია თავისი უამრავი ღირსების გამო. ესაა სამეცნიერო, კულტურული, ისტორიული და მხატვრული ღირებულებები, რაც ნამდვილად იგრძნობა წიგნის გაცნობისას. იგი საქართველოს თანამედროვე ცხოვრებიდან მოგზაურობაა ახლო და შორეულ წარსულში. ესაა მატიანე, რომლის ფურცლები იმდენად მრავლისმომცველ ინფორმაციასა და ისტორიულ ნარატივს შეიცავს, რომ ამ გამოხმაურებაში ჩემგან შეუძლებელი იქნებოდა ყოველივეს აღწერა და ხაზგასმა. ფაქტი ჭეშმარიტად ერთია: ავტორის, პროფ. ნუგზარ პაპუაშვილის, მონოგრაფია ინფორმაციების, საკითხებისა და პრობლემების იმდენად დიდ, ობიექტურ და საყოველთაო ველს მოიცავს, რომ შეუძლებელია ამ ნაშრომმა სხვადასხვა კატეგორიის მკითხველი, არა მხოლოდ ქართველი კათოლიკეები, არამედ მართლმადიდებლები, პროტესტანტები, ანდა მუსლიმები, ანდა ნებისმიერი პატიოსანი ადამიანი არ დააფიქროს. დღევანდელი ქართველი მართლმადიდებლების დიდი ნაწილი ამ წიგნმა იმდენად უნდა დააფიქროს, რამდენადაც ისინი ისტორიის წინაშე დღეს მოძალადეებად და მტაცებლებად გამოიყურებიან, რის გამოც მათ (მოძალადე და ძალადობის გამამართლებელ მართლმადიდებლებს) ღვთის სამსჯავროზე პასუხი მოეთხოვებათ. ამასთან დაკავშირებით პროფ. ზურაბ კიკნაძე წერს: აღნიშნულმა ძალადობამ „თავად მართლმადიდებელი ეკლესიის ხილული სხეული შებღალა. ეს მართლმადიდებელი ეკლესიის სირცხვილია და ჩვენ, მართლმადიდებლებს, ამის გამო სინანული გვმართებს“. ჩემთვის ცნობილია, რომ მსგავსი პრობლემა პროტესტანტებს (ლუთერანულ ეკლესიასაც) აქვს (მაგალითად, ასურეთში). მუსლიმების ანალოგიური პრობლემები საყოველთაოდ ცნობილია.

მე არ მგონია, რომ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ თითოეულ ჭეშმარიტ მოქალაქეს, მორწმუნეს თუ არა მორწმუნეს, არ გაუჩნდეს სოლიდარობა და სიყვარული ჩვენი კათოლიკე ძმებისა და დების მიმართ, რომლებიც, როგორც რედაქტორი აღნიშნავს, ერთ დროს თვითონ დევნილი ეკლესიის (მართლმადიდებელი ეკლესიის) მიერ გახდნენ დევნილები, რაც ეკლესიების მოტყუებით წართმევაში გამოიხატა. ეს ყველაფერი კი საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოხდა.

კვლავ დაისმის კითხვა: ,,ნუთუ გაიყო ქრისტე?’’ (1 კორ. 1,13).

თუ ვინმეს ეჭვი გასჩენია კათოლიკური ეკლესიის წარმომავლობაში, ანდა მის ღირსეულ მკვიდრობაში, მის წინაშე დგანან ღირსეული და ღვაწლმოსილი ქართველი კათოლიკე მამულიშვილები. მონოგრაფია ,,უდე და მისი ეკლესია’’ ამ ყველაფრის გამოძახილია და კიდევ ერთი დიდი შენამატი როგორც ქართული საეკლესიო, ისე სამოქალაქო ისტორიისათვის. ჩვენს წინაშეა თანამედროვე ავტორის მიერ ყველასთვის გასაგებ ენაზე შესრულებული და საყოველთაოდ მნიშვნელოვანი ნაშრომი, რისთვისაც მე, როგორც რიგითი ქართველი მოქალაქე და მართლმადიდებელი, ბ-ნ ნუგზარ პაპუაშვილის მიმართ პატივისცემასა და მადლობას გამოვხატავ. მან ამ ნაშრომით მეტი შუქი და სიცხადე მოჰფინა იმ გზასა და ,,გულის ძახილს’’, რასაც ქართული კათოლიკე ეკლესია ატარებს.

 

და ბოლოს, მინდა ჯოზეფ ადისონის სიტყვებით დავასრულო ჩემი ეს გამოხმაურება წიგნზე ,,უდე და მისი ეკლესია“: კარგი წიგნი - ეს არის საჩუქარი, რომელიც ავტორმა უანდერძა კაცობრიობას''.

 

 

 

ზურაბ მურვანიძე

16.02.2022 წელი, თბილისი

Sunday, March 14, 2021

კალმასობა გურიაში | ავტორი : ზურა მურვანიძე |

 ავტორი :  ზურა მურვანიძე

კალმასობა  და ბერი იონა ხელაშვილი გურიაში

,,ნეტარ შენ ყოფილიყავ ჩვენი ჯუმათელი,ბევრს რამეს გვასწავლიდითო!’’


გურიის  შესახებ ცნობებით, ისტორიითა და კულტურით დაინტერესებულთათვის ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს XVIII-XIX  საუკუნის გურიის ყოფა-ცხოვრებიდან  რამდენიმე ნარატივის გაცნობა. რომელსაც ვაწყდებით იოანე ბატონიშვილის ენციკლოპედიურ და ისტორიულ თზულებაში, ,,კალმასობა’’(XVIII ს.)იგივე (ხუმარსწავლა’’) წიგნში გადმოცემული ამბები  ასახავს მე-17 -ე მე-18-ე საუკუნის საქართველოს ყოფით ცხორებას ,კულტურულ, პოლიტიკურსა და  სოციალურ მდგომარეობას.  ხშირად ავტორი, წიგნის მთავარი გმირის ,,იონა იგივე იოანე ხელაშვილის“ პერსონაჟის მეშეობით (რომელიც  გლეხ  ვინმე ,,ზურაბა ღამბარაშვილთან’’ ერთად მოგზაურობს აღმოსავლეთ და დას. საქართველოს კუთხეებში საკალმასოდ.) საკუთარ ცოდნასა და მოსაზრებებს,

დამოკიდებულებას ,,ახმოვანებს’’.

 ავტორი ნაწარმოებში გვიჩვენებს  რეალურ ამბებს ცოცხალი, იუმორით სავსე საუბრებითა და მხატვრული  ხერხებით, რაც მთავარი და მნიშვნელოვანია -  მთელი წიგნი დასურათებაა იმ დროში საქართველოს კუთხეებში არსებული და გავრცელებული ცოდნისა  და მსოფლმხედველობის.  ავტორი საუბრობს ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო საკითხების შესახებ, თითქმის ყველა დარგიდან ტექსტის შინაარსს ახასიათებს მეცნიერული განხილვა და ანალიზები,ავტორის მიერ  გამოყენებულია რუსული და უცხოური წყაროების თარგმანები.

 

იოანე ბატონიშვილი



ცოტა რამ ავტორის შესახებ:  იოანე ბატონიშვილი(1768-1830) ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII -ის ვაჟი გახლავთ. ტახტის მემკვიდრე დავითის ძმა.(ერეკლე II-ს შვილიშივილი) იგი გარდა ამისა ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, განმანათლებელ-ენციკლოპედისტი, ლექსიკოგრაფი,და ამასთანავე ბრწყინვალე მებრძოლი და სარდალი იყო.რომელზეც ამბობდნენ : ,,ქრიტიანობაში არ ფილოსოფოსობსო, და ფილოსოფიაში არ ქრიტიანობსო“.-(სხვათა შორის კრწანისის ბრძოლისას საკუთარი სიცოცხლის ფასად გამოუყვანია პაპამისი ერეკლე მეფე ალყიდან, და დატყვევებას გადაურჩენია. იოანემ 1759 წელს შეადგინა სახელწმიფოებრივი რეფორმათა გეგმა ,,სჯულდება’’ რომელიც მამას, გიორგი XII-ს წარუდგინა ქართლ-კახეთში გასატარებლად, რომელიც სხვა დანარჩენ საკითხებთან ერთად თვეში ,,ორჯერ’’ გაზეთის დაბეჭდვას, ბიბლიოთეკა-მუზემუმისა და  თბილისში გორსა და თელავში სასწალებლების გახსნას  ითვალისწინებდა/  რუსეთის იმპერიის ,,წყალობით’’ მათი განხორვიელება ვერ მოხერხდა. გიორგი XII გარდაიცვალა და იოანე რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად. იოანე ბატონიშვილი თარგმნიდა რაზეც ხელი მიუწვდებოდა და როგორ, ყველაფერს, მისი  დანატოვარი ნაშრომების ძირითადად ცნობილი ნუსხა შემდეგია :

ბაგრატი იოანე, „შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა“, თბ. 1997.

იოანე ბატონიშვილი, „სჯულდება“, 1957.

იოანე ბატონიშვილი, „კალმასობა“, ტ.I, თბ.,1936,ტ. II,თბ.,1948.

იოანე ბატონიშვილი, „ხუმარსწავლა“ (კალმასობა),ტ.I თბ.,1990, ტ.II, თბ.,1991.

იოანე ბატონიშვილი, ⦁ „⦁ ქართლ⦁ -⦁ კახეთისაღწერა⦁ “, 1986.

(ორიგინალიდან : რედაქტირებულია თანამედროვე ქართულ სალიტერატურო ენაზეზ.მ.)

 

,,კალმასობის'' გმირი, ქვათახევის მონასტრიდან წინამძღვრის დოსითეოსის კურთხევით შემოწირულობის შესაგროვებლად მოსიარულე ბერი, იონა (იოანე) ხელაშვილია, (ძვ, დიაკონ-მონაზონი), ქიზიყელი კაცი, სამეფო ოჯახისა და სამშობლოს გულშემატკივარი,  სერიოზული,მკაცრი დინჯი და პირშიმთქმელი ხასიათით. რის გამოც ეს მოგზაურობაც  ფათერაკებით და "ხმაურიანი ამბებით" არის  სავსე.  იონას პერსონაჟი  განსწავლული პიროვნებაა  რელიგიასა და ფილოსოფიაში,ასევე სხვადასხვა საბუნებისმეტყველო თუ ჰუმანიტარული  მეცნიერებების დარგებში.

(ხალხში სახელი  გავარნოდა ალავერდში აქვს ნაქადაგები-ო’’   როგორც ზემოთ ვთქვით,  ბერი იონა ხელაშვილი ,, გლეხ ზურაბა ღამბარაშვვილთან ერთად მოგზაურობს იმდროინდელ საქართველოს კუთხეებში., მოგზაურობისას ერთ-ერთი სტუმრობის შემდეგ, რომელიც უკავშირდებოდა სამეგრელოში (ოდიშის) მთავართან და დედოფალთან სტუმრობას.  დიდის პატივისცემით გამოსტუმრებულმა გურიაშიც აუცილებლად გამოიარა. ბერი იონა მოვიდა გურიას და რათქმაუნდა გურიელსაც ეახლა. 

ეს შეხვედრა ასახავს იმდროინდელ ეპიზოდურ ცოდნას მაშინდელი გურიის სამთავროსა და მთავრის შესახებ და უფრო მეტადაა გამახვილებული ყურადღება მაშინდელ საქართველოში ჯერ კიდევ ფეხმოუკიდებელ ვაჭრობაზე - როგორც საქმესა და შემოსავალზე. ასევე იმდროინდელ ცოდნა-წარმოდგენებს დანარჩენი მსოფლიოს შესახებ.

ეს ის პერიოდია, როცა იმერეთის აჯანყების ამბები ,,იძვრება'' საქართველოში.

ამ დროს გურიის მთავარი გახლდათ  ქაიხოსრო VI გურიელი,(ქაიხოსრო ბატონიშვილი)  გიორგი V გურიელის ვაჟი. დიდად განსწავლული კაცი,რომელსაც თურმე  განათლება გელათის აკადემიაში  მიუღია, ამბობენ,  რომ ფლობდა ლათინურსა და ბერძნულ ენებსაც. იგი გურიის სამთავროს რეგენტი იყო 1797-1809 წლებში.

 




,,გურიის სამთავრო’

ცნობისთვის : 

1792 წელს გარდაიცვალა გურიის მთავარი სიმონ გურიელი (ზემოხსენებული ქაიხოსრო გურიელის ძმა). რადგანაც მისი პირდაპირი მემკვიდრე ვახტანგი არასრულწლოვანი გახლდათ, დიდი ხნით ადრე ტახტის მსურველ უმცროს ძმას ვახტანგ გურიელს დაეკისრა.რომელმაც გამთავრება გადაწყვიტა და თავი გურიელად გამოაცხადა. ამით შეწუხებულმა გურიელის ქვრივმა, მარინემ,დახმარება უფროს ძმას ქაიხოსროს სთხოვა, რომელიც შემოქმედის ეპისკოპოსად კურთხევისთვის ემზადებოდა.ქაიხოსრო მოვიდა გურიას (,,შემოვარდა ლესაში") ,აიღო სასახლე და სანამ პატარა მამია გაიზრდებოდა სამთავროს ტახტზე საკმაო ხნით დაჯდა.ეს კაცი არაერთი პოლიტიკური თუ სამხედრო საქმეში  გამოჩენილი გახლავთ,როგორც გურიის ისე დანარჩენი საქართველოს ისტორიაში. ამაზე შემდეგში ვისაუბრებთ ვრცლად. ახლა კი ნაწარმოებს ,,კალმასობას" დავუბრუნდეთ.



როგორც ავტორი გვაუწყებს : იონა ..გურიას კეთილად შეიწყნარეს", დააბინავეს და ,,კაცნი მიუჩინეს'', (რამდენიმე ადამიანს ჰქონდა დავალებული რომ სტუმრებისათვის ყურადღება მიექციათ.)  ამ ყველაფრის მიუხედავად, მხოლოდ  რამდენიმე დღის შემდეგ ისურვა თურმე გურიელმა იონას თავისთან მიღება. (მასპინძელი ზემოთხსენებული ქაიხოსრო IV გურიელია). ტექსტიდან გამოდინარე ..სალამი'' კეთილი უჩანს ბერის მხრიდანაც  ასე მიესალმა გურიელს :  ,,მშვიდობით სცოცხლოდეთ მთავარო გურიისაო" გურიელმა მადლობა ჩამოართვა და მოიკითხა. ჩამოსხდნენ და იმუსაიფეს,ისადილეს და ნათქვამია ,,ჭკვიანი კაცი ჭკვიან კაცს სცნობსო"   მთავარსა და იოანეს ერთმანეთთან შეხვედრამ და საუბარმა ფრიად სასაიამოვნო შთაბეჭდილება და ერთგვარი ინტერესი დაუტოვა. ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღის შემდეგ, გურიელმა შავი ზღვის პირის მონახულება გადაწყვიტა და იოანეც ასე  მოულოდნლად თან წაიყოლა. 

გურიელები გრიგოლეთის სანაპიროზე ინსპექციას ატარებდნენ და როცა გემები დგებოდნენ იღებდნენ ბაჟს (გადასახადს), ეს ასე ვთქვათ გურიელთათვის შემოსავლიანი და ,,კაი საქმე იყო"

იონას ზღვა არასდროს ენახა (ამ დროის ქართველები ,,გოგჩით' არიან გატაცებულნი. ა.მ.) მან პირველად ზღვა გურიაში, მთავარ გურიელთან სტუმრობისას,  ნახა. ასევე  პირველად ნახა  ხომალდი, რომლის ფორმისა და მუშაობის/გამოყენების პრონციპების შესახებაცსაკმაო თეორიული ცოდნა გააჩნდა, თუმცა ახლოდან არასოდეს  ენახა. ხომალდის ხილვით ნასიამოვნებმა გურიელს სთხოვა გემზე ასვლისა და დათვალიერების ნებართვა, რათა უფრო ახლოდან, შიგნიდანეხილა ყოველივე.იოანემ მოავლო თვალი ყველა დეტალს ხომალდისას და ,,გაშინჯა"(კალმ.ტ.2), ამ დროს მან დაინახა  "ყიბლამა" ანუ კომპასი და გახურდა  გურიელსა და იონას შორის შემეცნებითი სახის დიალოგი. გურიელმა უთხრა, რომ ეს ნივთი არის ,,გზის საპოვნელი ორღანო" მაგნიტის ისრით, რომელსაც ,,მეხომალდენი" ანუ მეზღვაურები იყენებდნენ, ,,მაღნიტის'' ისარი ჩრდილოეთისა და სამხრეთისკენ დგება. ამის შემდეგ თავად გურიელმა სთხოვა იოანეს, განემარტა თუ რა თვისება ქონდა კომპასს(მაღნიტს)  და როგორ მიიზიდავს იგი რკინას. და ამას მოყვა საუბარი როგორც წერია ,, ბაასი მაღნიტისათვის'',  განმარტება გურიელს დიდად ეამა,  ამ საუბრის დროს გურიელმა ხომალდის პატრონს ცხენის ყიდვა შესთავაზა, პატრონი ჩაჯდა ზაში და ჭახრაკზე დაკიდებული თოკის მექანიზმით ორი კაცის დახმარებით ამოსწიეს მიიწიდან  ხომალდზე, ასევე ცხენიც, რომელიც  ნათქვამია, რომ საკმაოდ მოხერხებულად და მარდად ,,ყაფაზით ამოიყვანეს",, იოანემ ეს რომ დაინახა მოიწონა და დასძინა " ,,აჰა მეხანიკოსობა,რომელიც ძნელთა საქმნელთა საქმეთა ადვილად აწარმოებენ მეხანიკოსნი"  მექანიკოსობა, როგორც საქმე,რომლის მეშვეობითაც მექანიკოსები რთულად შესასრულებელ სამუშაოს ადვილად აკეთებენ. აქედან დაიწყო საუბრის მეორე ფაზაც, იოანეს ცოდნით  მოხიბლული გურიელი დაინტერესდა ისეთი საკითხების განმარტებისა და შემეცნების მოსმენით როგორიც იყო ,,საუბარი მეხანიკისა და ნავიგაციისთვის" . იოანემ განუმარტა და გურელმა მადლობა გადაუხადა და გამოუტყდა, რომ მას  აქამდეც სურდა სცოდნოდა მეტი ხომალდის შესახებ, მაგრამ მასავით საზრიანად და გასაგებად ვერავინ განუმარტა.

 გურიელმა აქვე გადაამოწმა და შეეკითხა  სტუმარს (იოანეს) იქ მდგარი ხომალდების დანიშნულებისა და რაობაობის შესახებ. 

გურიელი :,,ეს ხომალდნი ხომ სავაჭრო არიან?"

ამაზე პასუხად იონესგან რჩევის შემცველი პასუხი მიიღო. რომ ეს ხომალდები დიახ, სავაჭრო საქმისთვის გამოიყენება და  მთავარსაც უნდა უნდოდეს ისწავლოს ,,ვაჭრობა" კომერცია, რაც თავის სამთავროს სიმდიდრეს შესძენს და შემოსავალს გაუზრდის.

ამას მოყვა გურიელის კითხვა ,,

გურიელი : -  რა არის კომერცია?"

როგოც ავტორი იოანეს ენით  წერს:

იოანე : - კომერცია ანუ მოფარდულობა '' არის ერთგვარი ხელოვნება ვაჭრობის საწარმოებლად, გამოყენებადი ნივთების ერთი-მეორეში გაცვლა"  საქონლის ყიდვა და გაყიდვა უფრო მეტი მოგებისა და სარგებელის განზრახვით.

გურიელი : - დიდი ხანია ამ ხელოვნებას (ვაჭრობა) დაწყებულია ერთა შორის?

იოანე : -  ფრიად დასაჯერებელია რომ იგი საკმაოდ ძველია რაც ქვეყნიერება არსებობს. დასაბამიდან ეს იყო ერთა შორის გაცნობისა და ნივთთა გაცვლა-გამოცვლის, იმით ვაჭროების საშუალება, თუ ვისაც რა სჭირდებოდა. იმ დროის შესაფერისად ყოფა- ცხოვრებისათვის. დღესაც არსებობს მსოფლიოში ის ხალხი რომლებიც აწარმოებენ ვაჭრობას, მაგ. ლაპლანდიასა და ციმბირში, ასევე აზიის ქვეყნებს,აფრიკისა და  ამერიკის კონტინენტის ხალხთა შორის ხდება გაცვლა-გამოცვლა (ბარტერი) (რედ.ზ.მ) და ვაჭრობა ერთმანეთში ასევე სხვებთანაც.

 გურიელი დაინტერესდა ფულის არსებობის და გამოყენების შესახებაც.

გურიელი : -  ,,მონეთი  ანუ თეთრი"  თუ იყო საჭირო მისი გამოყენება და ძველი დროში ხალხი თუ იყენებდა მას?

იოანე : - დასაბამში ძველ დროში პირვეელად არავინ იცოდა რა იყო  მონეთი და თეთრი,მაგრამ შემდგომ მოხდა მისი ,,მოპოვება'' კომერციისათვის მისი გამოყენება.

გურიელი : - როდის შემოიღეს და დაიწყეს თეთრის გამოყენება,  რა და რა სახეობის იყო ის ძველ დროში? 

იოანე : - პირველად სხვდასხვაგვარ თეთრს იყენებდნენ, ტყავის ნაჭრისგან დამზადებულს, შემდეგ თეთრის მაგიერობას წონის მიხედვით  ნაჭე-ჭერი ოქრო  და ვერცხლი,სპილენძი და თითბერი (შენადნობი სპილენძისა და თუთის ნაჭერი. ზ.მ)  წევდა. ხოლო ბოლოს დაიწყეს ფულის დაჭედვა და მასზე ბეჭდის გამოსახვა.

გურიელი :  რომელი ხალხი იქცა განსწავლულად ყველაზე უკეთ კომერციაში (ვაჭრობაში) ?

იოანე : პირველად ფინიკიელები, მერე ეგვიპტელები,კართაგენელები(აფრიკა), ათინელნი (ბერძნები),როდოსელნი,რომაელები,ღალლნი (გალები) და მერე ფრანცუცნი (ფრანგები) და ფლამანდელნი. ხოლო ამჟამად ჩვენს დროში ინგლისელები, ღოლანდიელები (ჰოლანდიელები) ,ვენეციანნი )(ვენეციელები) ღენუეზნი (სავარაუდოთ გენუელები ზ.მ). ამ ხალხმა მართალია სხვა ერებზე მეტი იციან კომერციისა და  ვაჭრობისა, მაგრამ ვაჭრობაში,  ამათში მოწინავე და  ''უმჯობესი"  ღოლანდიელები (ჰოლანდიელები) არიან.   

გურიელი :  კომერციის  ,,მოსწავლემ''(შემსწავლელმა)  კიდევ რა უნდა იცოდეს ვაჭრობის დროს?

იოანე : კომერციის სწავლით დაინტერესებულებმა ,,მოსწავლეთა''(ორიგ.)  უნდა იცოდნენ ორი დარგი  : ,,ესე იგი,  არიხმეტიკა (არითმეტიკა) და გვარი მწერლობისა (ლიტერატურა) და  მეორე ''ღეოღრაფია'' (გეოგრაფია) ანუ ქვეყნის აღწერა  თუ რომელს ქუეყანაში რომელი ნივთი გვარობს და რომელს ქვეყანაში იგი ნივთნი უფრორე განისყიდებიან"(კლმს.2ტ გვ.52)  აგრეთვე უნდა ქონდეთ კავშირი, ყველა ქვეყანაში უნდა ყავდეთ ხალხი და იცოდნენ (,,მუნებურთა მდგომარებათა") იქაურთა მდგომარეობა.იმ ქვეყანაში   რაიმე ნiვთი  თუ გაძვირდა ან  გაიაფდა ,ან არეულობაა, ამ ყველაფრის მიხედვით დაიჭირონ უნდა თადარიგი.  ვაჭრობისათვის დროდ უფრო კარგია ზაფხული, ვინც ,,ხომალდს  ამუშავებს",(ორიგ.), ხოლო ზამთარი იმათ  ვინც ურმითა ან აკიდებული ცხენ-ჯორებით ვაჭრობს იმათთვის ნაკლებად  წარმოადგენს დაბრკოლებას."

გურიელი : ცხენის საკიდრით უმჯობესია ვაჭრობა თუ ხომალდით?

(ეს საუკეთესო თემაა იოანესთვის განსამარტადაც და საბაასოდაც.)ზ.მ

იოანე : ვთქვათ  ერთმა ცხენმა წაიღოს ორმოცი ლიტრა ან მეტიც, მაგრამ  სავაჭრო ხომალდი ორმოცი ათას ლიტრსაც  წაიღებს და  თქვენ თვითონ დაფიქრდით რომელი უფრო მეტს ივაჭრებს. გარდა ამისა აზიაში ვინც ვაჭრობს ტვირთის ცხენ-ჯორებითა და აქლემებით, საკმაოდ ჰყავთ საქონლის წამოსაღებლად საკიდარი პირუტყვი და არიან მდრიდარნიც". მაგრამ ვინებიც ხომალდებით ვაჭრობენ სანაპირო ქალაქებში მიდიან და მეტი აქვთ სარგებელიც, აქედან  უცხო ხეებსა და ქვებს ყიდიან თავიანთ ქვეყნებში, როგორც ეს ანგლიას(ინგლისი),სტამბოლს, პეტერბურღს და სხვა ქვეყნებს შორისაა. ამასთანავე ხომალდების მეპატრონენი მეტად მდიდარნიც არიან.

გურიელი :  ეკადრებათ ,,კეთილშობილებს" (დიდგვაროვნებს) ვაჭრობა? 

იოანე: აზიური ცნობიერებით - არა, ევროპულით - კი, თუმცა ცოტა ცოტა განსხვავება არსებობს ინგლისურ, ფრანგულ და დანარჩენ ევროპულ ტრადიციებს შორის (...) პასუხი: 

გურიელი : უირას ამბობ?! მირჩევნია მოვკვდე, ანდა გავღარიბდე, ვიდრე ვივაჭრო. 

იოანე : ბატონო გურიელო ზუსტად მაგიტომაც არის ჩვენი ხალხი მდიდარი, ამგვარ საქმეს რომ თაკილობენ (ირიბად უთხრა). აი შეხედეთ : ათასი ცხენი რომ გყავთ ერთ ჯოგში, თავისი ნამრავლით, ამდენი ძროხა და პირუტყვი, ამდენი პური და ღვინო, დაგითვთლიათ რამდენიგაგიჩუქებიათ,რამდენი შეუჭამიათ და შეუსვიათ?,,ვის როგორ უსხამთ ისე მიაქვთ''. (როგორც თქვენი რანგის ხალხს შეეფერება).  თქვენი როგორც სხვა მთავრების საჭიროება ითხოვს ფულსა და შემოსავალს, და რომ გქონდეთ უნდა დაყიდოთ ნამატი საქონლისა,ღვინისა და ა.შ მაგრამ თქვენ არაფერს არ ჰყიდით, ამის სანაცვლოდ კი ყმების შვილებს ჰყიდით, შემოსავლის სურვილით ზოგნი გათათრდებიან კიდეც ,,თქვენის მიზეზით''. რომლით უფრო უმჯობესია ვაჭრობა?

(მაშინ იქ მყოფმა გურულებმა და დანარჩენებმაც ერთხმად იოანეს სიტყვა მოიწონეს და ,,კეცზე კვერი დაუკრეს" ზ.მ) : ,,ჭეშმარიტად სწორს უბნობს ბერი ესე''. (სწორს ამბობს ეს ბერი) .


გურიელი : სად უფრო პატივცემულია (არ ესირცხვებათ,დაფასებულია) ვაჭრობა?

იოანე : რესპუბლიკებში ჩვეულებრივ დიდად პატივცემულნი არიან ვაჭარნი, ხოლო იტალიაში არიან თავადები რომლებსაც არ რცხვენიათ სახლებისა და სასახლეების, დუქნებისა და სხვა ადგილების გაქირავება. ასევე აზიისა და აფრიკის საზღვრებს შორის არიან აფრიკელი მეფეები რომლებიც აწარმოებენ ვაჭრობას, თანაც ევროპელებთან ერთად.

გურიელი : როგორი უნდა იყოს გამოცდილი და კარგი ,,მცოდინარე'' ვაჭარი?

იოანე : მრავალმხრივ განსწავლაში აღზრდილი და გამოცდილებაში მყოფი, გარდა ამისა უნდა იცოდეს ზედმიწევნით ,,არიხმეტიკა (არითმეტიკა) საანგარიშოდ გამოსაყენებლად და თავისთვის საცოდნელად. ასევე სჭირდება სწავლა ,,ღეოღრაფიისა" ,როგორც ზემოთ მოგახსენეთ; ამასთანავე ცოდნა უნდა ჰქონდეს თამასუქის წერილების წერისა. ასევე უნდა იცოდე ,,კურცი ანუ სართაფი თეთრისა" (საუბარია ვალუტის კურსზე), მოიკო თუ მოიმატა ვერცხლისა და ოქროს ფულმან. ასევე უნდა ერკვეოდეს სამართალში, რადგანაც საჭიროებისამებრ საქმე რიგიანად აწარმოოს და რიგიანად გადაწყვიტოს თავისი საქმე სასამართლოში. საჭიროა იცოდეს სხვადასხვა ენები და მათზე საუბარი :'აზიური,ფრანციული,ანღლიური,ნემცური,იტალიანური,იშპანური და სხვანი.'' და რათქმაუნდა საკუთარი ენა უნდა იცოდეს ზედმიწევნით. ასევე უნდა იცოდეს იქაური ენა და ლიტერატურა სადაც ის დააფუძნებს თავის კომერციას (ვაჭრობას). სადაც იგი დამკვიდრდება სათანადოდ უნდა იცოდეს: ,,მუნებურთა სჯულთა და ჩვეულებათა" (საწმუნოება და და ტრადიციები, ყოფა-ცხოვრება რომლებიც ,,იქმნებიან  მიცემულნი მისდა" და არიყოს მხოლოდ საკუთარი მშობლიური ტრადიციების ცოდნის იმედად.რათა იქაურებს ამ ტრადციებისა და წეს-ჩვეულებათა მიმართ მისი პატივისცემა და მორჩილება, აღსრულება აჩვენონ. იგი სადაც დამკვიდრდება იქ უნდა იყოს თავის საქმეში მართალი და სწორი, ვაჭრობისას პატიოსანი. შესაფერისი და სწორი ფასი უნდა დაადოს საქონელს, მოგება ზომიერი უნდა ნახოს და ასევე მოკლედ და გასაგებად დაუმალავად წერილობით მოახსენოს საბაჟოს თავისი შემოსავლის შესახებ.როგორც საქონლის (ქვეყანაში) შემოტანის ასევე გატანის დროს,  ვაჭრობაში მოგებული თანხა არ უნდა იყოს სმაში, ცუდ და აღვირახსნილ ცხოვრებაში გაფლანგვის მიზეზით მოკლებული და დახარჯული. იყოს ,,ნამდვილ ზღვევასა შინა“ –( ნაღდ საფასურს, ნამდვილ,დაწესებულ გადასახადს იხდიდეს.)

ვაჭრობას თუ დაიწყებს, მაგალითად ათს თუ გადააქცევს თორმეტად (10+2)  მაშინ ეს იქნება პატიოსანი მოგება. ხოლო ,,გასესხებასა შინა თეთრისასა'', ,,განვაჭრების დროს“ (გაყიდვა). - ფულისგასესხებისას იმაზე სარგებელზე ძვირად არ მისცე არავის თანხა (საუბარია ვახშზე.ზ.მ) არამედ როგორც წესია იმის მიხედვით. და ბოლოს შენი ის ხელქვეითები,მსახურები რომლებიც პატიოსნად და სინდისიერად ემსახურებოდნენ გაჭრობისას, სრულის პატივისცემითა და  პატიოსნებითა და წესით დაკრძალე სიკვდილისას.

აქ წყდება საუბარიც. საუბრის შემდეგ როგორც ტექსტიდან ვიგებთ  სახლში დაბრუნდნენ. ბერმა იოანემ რამდენიმე დღე დაჰყო აქ, და გურიელისგან დასაჩუქრებულმა გაუდგა გზას სხვა მხარისკენ. გზად საჯავახოს მოსასვლელ მთამდე გურიელმა ვინმე თავადი ნაკაშიძე გამააყოლა,საჯავახოს მოსული,ღამე აქვე გაათიეს, ცვრიან სისხამ დილით ერთი საინტერესო საუბარიც მოუხდათ ბერ იოანესა და თავად ნაკაშიძეს რაოდენ გასაკვირიც არუ უნდა იყოს ცვარისა და ნამის შესახებ, წიგნში :   ,, საუბარი ცვართათვის, რთვილთა,ნამთა და თოვლისათვის''. ამაზე საუბრისას თავადმა ნაკაშიძემ ასეთი სიტყვაც კი უთხრა ბერ იოანეს: ,,ნეტარ შენ ყოფილიყავ ჩვენი ჯუმათელი,ბევრს რამეს გვასწავლიდითო!’’ (ნეტავ შენ ყოფილიყავი ან (იყო)  ჩვენი ჯუმათელი საუბარია ჯუმათის მთ. ანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარზე, სავარაუდოთ ეპისკოპოსზე. რადგან მაგ დროისთვის ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის  მონასტერი წარმოადგენს ეპისკოპოსის კათედრას. (ზ.მ.)ეპისკოპოსი ბევრ ვისწავლიდით თქვენგანო).შემდეგ კი ერთმანეთს გამოემშვიდობნენ.იოანეს,ზურაბას გზა გაგრძელდა ,,საერისთაოს ვაკე სოფლებისაკენ და ბერი მივიდა ,,რაჭის საერისთაოსა ზეინდარს'.'

აქ დამთავრდა იოანეს ამბები გურიაში და ,,კამლმასობაც''.

 



(წარმოდგენილ მასალაში მოყვანილ ეპიზოდებსა და ცნობებზე  საუბარი შეგიძლიათ მოისმინოთ ,,საზმაუს’’ ეთერში გასულ საავტორო გადაცემაში ,,იონას საქართველო“მეცხრამეტე სერია. 

ნაშრომის შინაარსის საილუსტრაციოდ გამოყენებულია: დონ კრისტოფორო დე კასტელის (1597 — 1659  ნახატები;  ზ.მ).

 




ავტორი : ზურა მურვანიძე |