Options

Today's Date

Friday, March 25, 2022

 

ზურაბ მურვანიძე

გამოხმაურება წიგნზე:

ზურაბ კიკნაძე, ,,მე ვარ გზა...’’ (წერილები ქრისტიანობაზე), გამომცემლობა Carpe diem, 2020

 

,,ერთადერთი შეუძლებელი მგზავრობა ისაა,

რომელიც არასდროს დაგიწყია.’’

ტონი რობინსი

 

    ეს გამოხმაურება ეძღვნება ქართველი ორიენტალისტის, ასირიოლოგის, დიდი მეცნიერის, კრიტიკოსისა და მოაზროვნის, ბიბლიის თანამედროვე ქართულად მთარგმნელისა და ინტერპრეტატორის, ფოლკლორისტისა და ლიტერატორის, ილიას უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორის _ ზურაბ კიკნაძის _ დასახელებულ წიგნს. მასში გაერთიანებულია ავტორის მიერ XX საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე სხვადასხვა გამოცემაში გამოქვეყნებული ესსეები და სტატიები, რომლებიც რელიგიური და ეროვნული თვითგააზრების საჭირბოროტო და მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.

    პირველ რიგში ყურადღებას იქცევს წიგნის სათაური, რომელიც ყველას (ვისაც კი ბიბლიასთან ოდნავი შეხება მაინც ჰქონია და აქვს) გვახსენებს საყოველთაოდ ცნობილ სახარებისეულ სიტყვებს, თვით იესო ქრისტეს მიერ წარმოთქმულს: ,,მე ვარ გზა...’’ (იოან.14,6).

მიუხედავად იმისა, რომ ამ ცნობილი ციტატის მრავალნაირი ინტერპრეტაცია არსებობს, კლასიკური და ყველაზე ზოგადი გაგებით ის მიანიშნებს ქრისტიანული რელიგიის არსზე, კერძოდ იმაზე, რომ ქრისტე არის გზა ჭეშმარიტებისკენ. ამის გათვალისწინებით მკითხველისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ზურაბ კიკნაძის წიგნში შეკრებილი ესსეები და სტატიები სწორედ ამ აზრის გათვალისწინებით არის დაწერილი. ავტორი აქ ოცზე მეტ საკითხს მიმოიხილავს კლასიკური ქრისტიანული პოზიციიდან.

ჩანს, ავტორს გამოთქმისათვის ,,მე ვარ გზა’’ შემთხვევით არ დაუსვამს მრავალწერტილი. ამ ხერხით ის ჩვენ, მკითხველებს, უსასრულობისკენ გვიბიძგებს, თანაც ლაკონიურად, მაგრამ ყოვლისმომცველი ფორმით. ამით ავტორი თითქოს მიგვანიშნებს: მართალია, ადამიანის გონება, ფიქრი და შესაძლებლობები ვრცელია, მაგრამ, ალბათ დამეთანხმებით, აზროვნების წინსვლების მიუხედავად, ყველა ეს პოტენციალი არასდროს არ ყოფილა და არაა სრულად ათვისებული. ყველა მატერიალურ თუ არამატერიალურ სივრცეში საწყისიდან სასრულამდე არსებობს გზა, რომელიც ვრცელი და მრავლისმომცველია კაცობრიობის არსებობის განმავლობაში სიცოცხლისა და ცხოვრების შესატყვისად ხშირად გამოიყენება ,,გზა’’ _  დაბადებიდან სიკვდილამდე და, ვინც ამ გზას გადის, მგზავრია!

    განსახილველი ნაშრომი, როგორც ავტორი, პროფ. ზურაბ კიკნაძე, მიიჩნევს, არ არის ქრისტიანული თეოლოგიის სისტემატური გადმოცემა. ეს, ცხადია, ასეა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამ ნაშრომის ყველა ძირითადი ასპექტი, ცალკეულ სტატიებში განხილული პრობლემები ავსებს და ამდიდრებს ერთმანეთს და გზადაგზა, ნაშრომის სათაურის მსგავსად, მიგვიძღვის ქრისტიანული სარწმუნოების არსისა და ბუნების შეცნობის გზაზე. წიგნის მთავარი ღირსება არსებითი სათქმელის საყოველთაოდ გასაგებ ენაზე გადმოცემაა ავტორის სიღრმისეული ანალიზითა და ნაფიქრ-ნააზრევით. წიგნის შინაარსი, სტრუქტურა, სათქმელის ლაკონურობა და მრავლისმეტყველება ნამდვილად არ დატოვებს გულგრილს სხვადასხვა ჟანრის მოყვარულსა თუ ნებისმიერი დონის მკითხველს რეცენზიის ეპიგრაფი: ,,ერთადერთი შეუძლებელი მგზავრობა ისაა, რომელიც არასდროს დაგიწყია’’ სრულად ესადაგება როგორც წიგნის სტრუქტურას, ისე მის შინაარსს, რაც საბოლოოდ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კითხვების ჭეშმარიტ პასუხებამდე მიგვიყვანს.

    მე, ამ წიგნის ერთ-ერთი მკითხველი, ნაშრომში მოცემულ თავებს და განხილულ საკითხებს შემდეგ ნაწილად დავყოფდი და დავსვამდი შეკითხვებს: 1. რელიგია და მეცნიერება, არის კი ადამიანი რელიგიური (Homo Religiosus)?, განსწავლულება განათლებაა? 2. ქრისტიანობის არსი, მისი ძირითადი დოგმები, მოძღვრება და რელიგიური პრაქტიკა როგორც საგზაო ნიშნები რა არის ცოცხალი რწმენა? რას ნიშნავს ,,ქრისტიანული ერი’’ და ,,ეროვნული ქრისტიანობა“? 4. ერი და კულტურა თუ ,,ერის კულტურა’’? ეკლესია და სახელმწიფო  5. კავკასია _ რელიგიათა, ეპოსთა და მრავალ სხვა ამგვარ მოვლენათა აკვანი.

    თითოეული ადამიანის ცხოვრება ხომ მოგზაურობაა?! ეს ქრისტიანულ მწერლობაში ბევრჯერაა ნათქვამი და დადასტურებული. გავიხსენოთ იოანე დამასკელი, რომელიც გვასწავლის: სამყარო თავისი გაჩენის დღიდანვე განუწყვეტლივ მოძრაობაშია, ცვალებადია და ჩვენც მასთან ერთად ვმოგზაურობთ დროში (,,ცოდნის წყარო’’ 3.3). IV საუკუნის გამოჩენილმა მეუდაბნოვე მოღვაწემ, სერაპიონ სინდონელმა ერთ-ერთი მოგზაურობისას განდეგილ ბერს ჰკითხა: ,,,რატომ ზიხარ აქ?რაზეც ბერმა უპასუხა: ,,მე არ ვზივარ, მე ვმოგზაურობ”. ბიბლიური თვალთახედვით, პირველ რიგში ჩვენ ამასოფლის მდგმურები ვართ, ზეციდან-მიწაზე, მიწიდან კი ზეცაში ვიწყებთ და ვასრულებთ მგზავრობას. ჩვენ ვართ მგზავრი მდგმურები, რომლებსაც დროებითი ,,ღამის გასათევი’’ გვაქვს დედამიწაზე, რადგანაც გზაში ვართ...

    ზურაბ კიკნაძის ამ ნაშრომს ანალოგიური შინაარსის სხვა ქართულლი წიგნებისგან თემატური მრავალფეროვნება გამოარჩევს. ავტორი განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ,,რა მწამს და რა ვიცი?’’, ,,ქრისტიანობის არსი’’, ,,ქრისტე აღდგა’’, ,,ეროვნული ქრისტიანობა’’, ,,ბიზანტიური მემკვიდრეობა’’, ,,ვლ. სოლოვიოვის ''ზნეობა და პოლიტიკის'' გამო'', ,,ორი სიმართლე'' ,,ჯადოსნური ზღაპრის ესქატოლოგია’’ და სხვა. ამ თემებზე საუბრისას ავტორი ავლენს საოცრად ფართო, ღრმა და ზუსტ ცოდნას ქრისტიანული თეოლოგიის, მეცნიერების (მათ შორის მეცნიერების ფილოსოფიის), რელიგიათმცოდნეობის, ფილოსოფიის, ისტორიის, მითოლოგიის, ფოლკლორისა და ეპოსის დარგებში.

    საქართველოს მდიდარი ჰაგიოგრაფიული, ფილოსოფიური, თეოლოგიური, ისტორიული და მხატვრული ლიტერატურის გამო მისი მოსახლეობის დიდი ნაწილი ყოველთვის იჩენდა ინტერესს სხვადასხვა ჟანრისა და თემატიკის წიგნებისადმი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე მსოფლიოში ტექნოლოგიურმა განვითარებამ, სეკულარული საზოგადოების ზრდამ, ფართოდ გავრცელებულმა მოსაზრებამ, რომ რელიგია მეცნიერების განვითარებისა და თანამედროვე აღმოჩენების გამო ვერ პასუხობს მოდერნისტული ეპოქის გამოწვევებს (რამაც დააკნინა და შეზღუდა თანამედროვე ადამიანის როგორც მოქალაქის როლი საზოგადოებაში), გამოიწვია რელიგიური განათლებისა და მსოფლმხედველობის სიმწირე. ამან კი, თავის მხრივ, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ რელიგიურ ნიადაგზე სხვადასხვა აღმსარებლობისა და სარწმუნოების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება, გაუგებრობა და უთანასწორობა გამოიწვია. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, სხვა ინტელექტუალურ სიკეთეებთან ერთად, ზ. კიკნაძის წიგნი ,,მე ვარ გზა’’ შეგვიძლია საზოგადოებაში არსებული ზემოხსენებული ნაპრალების ამოვსების საშუალებად მივიჩნიოთ.

    ნაშრომში მიმოხილულია რელიგიისა და მეცნიერების დანიშნულება და მისია. ავტორი ცდილობს ჩამოაყალიბოს მეცნიერებისა და რელიგიის ცალკეული ასპექტები კაცობრიობის ისტორიაში, გამიჯნოს და დაასაბუთოს მოსაზრება, რომლის თანახმად ისინი არანაირ ხელისშემშლელ ფაქტორს არ წარმოადგენენ ერთმანეთისთვის, მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში ისინი ერთმანეთს ავსებენ... ამ ყოველივეს საილუსტრაციოდ პროფ. ზურაბ კიკნაძე იმოწმებს ვილჰელმ დალთაის მოსაზრებას, რომელმაც ერთმანეთისგან გამიჯნა ,,ახსნითი’’ (Erklärende) ანუ საბუნებისმეტყველო (Naturwissenschaften) და ,,გაგებითი’’ (Verstehende) ანუ სულის მეცნიერებები (Geisteswissenschaften).

ბუნებისმეტყველი მოვლენების ასახსნელად ბუნებაში ეძებს მიზეზშედეგობრივ კავშირებს, სულის მეცნიერება (ჰუმანიტარული მეცნიერება) კი ცდილობს ახსნას საგნის არა ფენომენი, არამედ საგნის არსი და ჩასწვდეს მის საზრისს. მეცნიერების ორივე მიმართულების საკვლევი მეთოდები ერთმანეთისთვის გამოუსადეგარია და სხვადასხვაა. თუ ვინმე გადაწყვეტს ამ ორი დისციპლინის ერთმანეთთან დაპირისპირებას, ეს იქნება წმინდად ,,წყლის ნაყვა’’, ხოლო რაც შეეხება მათ წინააღმდეგობას საუკუნეთა განმავლობაში, მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ,,მეცნიერებების თითქმის ყველა დარგი, ასტრონომიიდან დაწყებული მედიცინამდე, სწორედ იმ ეპოქებში წარმოიშვა და განვითარდა, როცა რელიგია ეკლესიის სახით საზოგადოების ცხოვრების განმსაზღვრელი იყო’’ (ზურაბ კიკნაძე). აქვე, წიგნში, ხაზგასმულია, რომ რაიმეს რწმენა არ უშლის ხელს მეცნიერების დამოუკიდებლად განვითარებას, ვინაიდან, როგორც ავტორი ამბობს: ,,რწმენა არ არის რელიგიის ექსკლუზიური საკუთრება.’’

    ავტორი ასე მსჯელობს: ადამიანი თავისი ბუნებით რელიგიური არსებაა როდესაც ადამიანი მწარმოებელი ადამიანის მდგომარეობიდან (Homo Faber) გადავიდა გონიერი ადამიანის (Homo Sapiens) მდგომარეობაში, ისტორიულ, არქეოლოგიურ არტეფაქტებზე და კაცობრიობის რელიგიურ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიძლება თავისუფლად ვიფიქროთ, რომ იგი გახდა რელიგიური ადამიანი (Homo Religiosus). მას გაუჩნდა მოთხოვნილება, ყოფილიყო დამოკიდებული რაღაც მასზე უმაღლესზე ან განსხვავებულზე, რომელზედაც იგი იქნებოდა სრულიად მინდობილი, რათა მას ჰქონოდა რიდი, იმედი და, რაც მთავარია, მიზანი. მას უნდოდა, მის გარშემო განვითარებული ცვლილებებები, მოვლენები, შეუცნობელი საგნების დანიშნულება აეხსნა რელიგიის საფუძველზე.

    რა არის რელიგია? _ ამქვეყნიური მოვლენა თუ ზეციური? ნორმატიულ აქტთა სისტემაა ის თუ გზა მარადისობისაკენ? თუ რელიგიის გვიანდელ ქრისტიანულ დეფინიციას მივყვებით, მაშინ „რელიგია“ ნიშნავს იმ კავშირის კვლავ აღდგენას, რომელიც გაწყდა ადამსა და ღმერთს შორის ,,დიდი უფსკრულის’’ სახით. როგორც ჩანს, ავტორს უფრო სარწმუნოდ ტერმინ „რელიგიის“ ასეთი ეტიმოლოგია მიაჩნია: religio ლათინური სიტყვაა და იგი შეიძლება განიმარტოს, როგორც `კავშირის აღდგენა, განახლება: re _ კვლავ, ligere  _ შეკვრა. შესაბამის კითხვებზე ზ. კიკნაძე ასე პასუხობს: ,,რელიგია მხოლოდ სამოთხის გარეთ თუ წარმოიშვებოდა, როგორც წამალი და სახსარი გამჩენთან დაბრუნებისა. იქნებ სწორი იყოს მატერიალისტურ-ათეისტური შეხედულება, რელიგიას ისტორიულ მოვლენად რომ მიიჩნევს, რომელსაც აქვს დასაწყისი და ექნება დასასრულიც.’’ მრავლისმეტყველია პროფესორის ეს სიტყვები:

,,ქრისტიანი მარადი რევოლუციონერია... იგი ეძებს მხოლოდ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს''.

   ავტორი საუბარს აგრძელებს ქრისტიანობის არსზე, განმარტავს ქრისტიანული მოძღვრების ძირითად დოგმებს, მათ ნიშან-თვისებებსა და იმ მცნებებს, რაც ეკლესიას სწამს და რომელთა შესრულება მის შვილებს მოეთხოვებათ. კითხვას, თუ რა არის ქრისტიანული სარწმუნოების საზრისი და მიზანი, ავტორი დიდ ადგილს უთმობს. მისი თქმით, ,,მტკიცება იმისა, რომ ქრისტიანობა მტრულია ადამიანის აქტივობისადმი, პირველყოვლისა, მთელს ისტორიას ეწინააღმდეგება.’’ ბ-ნი ზ. კიკნაძე აღნიშნავს, რომ  ქრისტიანისთვის ,,ღმერთი პიროვნებათა’’ ღმერთია და თავადაც პიროვნებაა. ქრისტიანს ,,სწამს ის ღმერთი, რომელიც მას ხედავს, ცნობს პიროვნულად, უსმენს, პასუხობს ან დუმს...’’ ავტორი კითხვას ასე სვამს: რა გავლენა აქვს იმ ძირითად მოვლენებს, რაც რწმენის ობიექტად იქცა საუკუნეთა განმავლობაში, ქრისტეს მიმდევართათვის? აქ ისეთი მოვლენები იგულისხმება, რომლებიც ეყრდნობა არა მხოლოდ რწმენას, არამედ ისტორიულად დასაბუთებულ ფაქტებს. ასეთ მოვლენათა რიგს, ავტორის აზრით, პირველ რიგში, განეკუთვნება ,,აღდგომა’’ როგორც საყოველთაო აღდგომის წინასახე. პროფესორი ასე მსჯელობს: სოტერიოლოგია (სწავლება ხსნის შესახებ) ქრისტიანობის ექსკლუზიური საკუთრება როდია მხოლოდ?! მაგრამ თუ რისგანაა ხსნა, ან როგორია ხსნა, ამას სპეციფიკურად მხოლოდ ქრისტიანობა განმარტავს. ასევე დაისმის კითხვა: ,,არსებობს კი დღეს ქრისტიანობის აპოლოგიის საჭიროება?’’ ავტორი ცდილობს, რომ ამ კითხვას უპასუხოს საკუთრივ ქრისტიანული პერსპექტივიდან და თანაც _ ვრცლად და ხატოვნად. 

    ორიოდე წლის წინ ,,კავკასიურ სახლში’’ ბ-ნმა ზურაბ კიკნაძემ და პროფ. ნუგზარ პაპუაშვილმა წაიკითხეს ლექცია თემაზე: „ქრისტიანობის არსი და მისი გავრცელება საქართველოში“. ბ-ნმა ნუგზარმა მისი მოხსენება დაასრულა შემდეგი სიტყვებით: ,,ქართველი ხალხის ქრისტეს რჯულზე მოქცევის პროცესი უკიდეგანოა და ის დღემდე გრძელდება.’’ ამ ფრაზამ ზოგიერთ მსმენელს აფიქრებინა, რომ ლექტორი თითქოს საქართველოს არა ქრისტიანი მოსახლეობის ქრისტეს რჯულზე მოქცევას მოითხოვდა. მან ეს ნათქვამი განმარტა და ასე დააკონკრეტა: ტაძრები შეიძლება სავსე იყოს მრევლით, კეთდებოდეს უამრავი შესაწირავი, აწარმოებდნენ კალმასობას (მღვდლები და ბერები აგროვებდნენ სხვადასხვა სახის შეწირულობებს ეკლესია-მონასტრებისათვის), ხდებოდეს ქვათა ეკლესია-მონასტრების აგება, იკურთხებოდეს სახლები, იმართებოდეს ტრაპეზები და ასე შემდეგ, თუმცა ამ ყველაფერს, მისივე თქმით, უხილავ ანუ სულიერ ეკლესიასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდეს. ამდენად, შეიძლება ვიყოთ ისეთი და იმ სახის რელიგიურები, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ქრისტეს მოძღვრებასა და, მაშასადამე, საღ სარწმუნოებასთან. ჯანმრთელი რელიგიურობა და საღი სარწმუნოება მაღალ სულიერ იდეალებს უნდა ემსახურებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე მხოლოდ ფორმალურ რელიგიურობასა და სარწმუნოებასთან გექნება. ფორმალიზმს რელიგიაში არაფერი აქვს საერთო ნამდვილ რელიგიურობასთან. გარეგანი რელიგიურობა მხოლოდ პრაქტიკული წესების შესრულებით იწყება და მთავრდება. შესაბამისი შეკითხვით ბ-ნ ნუგზარს, სხვათა შორის, ქუთაისელმა მსმენელებმა მიმართეს და თითქოს გულისწყრომაც გამოხატეს: როგორ, განა ქართველი ერი ქრისტეს რჯულზე მოქცეული არ არის?! ვფიქრობ, მაშინ ლექტორს (ბ-ნ ნუგზარს) დრო არ ეყო, თორემ კარგი იქნებოდა, ქუთაისელი მსმენელებისათვის შეეხსენებინა ამ ქალაქის კათოლიკური ეკლესიის მართლმადიდებლად ცნობილი ადამიანებისაგან მიტაცების ფაქტი და ეკითხა მათთვის, ქუთაისელი მსმენელებისათვის: სხვისი საეკლესიო ნაგებობების მისაკუთრება და ასეთ საქციელზე თვალის დახუჭვა თქვენთვის, ქუთაისელი მართლმადიდებლებისათვის, ქრისტიანობის ნიშანია?!

   პროფ. ზურაბ კიკნაძის დასახელებული ნაშრომის მთავარი ღირსება და დანიშნულება იმაში მდგომარეობა, რომ გვასწავლის, თუ რა არის ქრისტიანული მოძღვრება და როგორია ქრისტიანული ცხოვრება. ამ ყველაფრის შეხსენება ჩვენს საზოგადოებას ძალიან სჭირდება. საქართველოში, სამწუხაროდ, ტაძარში სიარული საკუთარი ავტორიტეტის გასამყარებელ საშუალებად იქცა, სარიტუალო მსახურებაში და საიდუმლოებებში მონაწილეობა _ გარეგანი ქრისტიანული მორწმუნეობის ერთგვარ ლეგიტიმაციად, უფრო _ ფსევდო-ლეგიტიმაციად, ხოლო ბიბლიური ლიტერატურა _ თაროების დასამშვენებლად. ამ ყველაფერს, ვფიქრობ, ექოსავით გასდევს არც თუ ისე შორეული წარსულის გადმონაშთი: ჩვენი წინაპრები იყვნენ ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანები, ჩვენც ვაგრძელებთ ამ გზას და ჩვენი შვილებიც უნდა იყვნენ მართლმადიდებლები. ასეთი შეხედულების საპირისპიროდ ბ-ნი ზურაბი წერს: როდესაც ,,ნაციონალური იდეა, დოგმატის ხარისხში ადის, ეკლესიოლოგიურ  განზომილებას იძენს და სოტერიოლოგიურ პერსპექტივაში განიხილება, ეს არის დღევანდელი ნაციონალური ავტოკეფალური ეკლესიების სენი''. დავძენ: ჩვენ ისე არ უნდა დაგვემართოს, როგორც I საუკუნის იუდეველებს მოუვიდათ, რომელთა შესახებ მოციქული პავლე წერდა: ,,განისუენებ შჯულსა ზედა’’ (რომ.2,17). ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქრისტიანობით პრივილიგირებულად არ უნდა მივიჩნიოთ თავი არც ღვთის და არც სხვა ვინმეს წინაშე.

    არსებობს ტრადიციები, რომლებიც დროდადრო გაიფილტრა, დაიწმინდა და შემორჩა როგორც მაღალი სულიერი იდეალების მატარებელი წეს-ჩვეულებები. ასეთი ტრადიციების დაცვა სასურველია, თუმცა ტრადიციებს ცოცხალ რწმენასთან არაფერი აქვს საერთო, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ქრისტიანობას ეხება. ქრისტიანობა ხომ ყველა დროში თანამედროვეა?! თუ ,,ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია’’, მაშინ სარმწუნოებას უხდება იმის დაძლევა, რაც მასში დასაძლევია. ბ-ნ ზურაბის მითითებით, ქრისტეს რჯული ის უნივერსალური მოცემულობაა, სადაც, როგორც მოციქული ბრძანებს, ,,უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი, და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.’’ (გალ.3,28). ზურაბ კიკნაძის მთავარი მიზანია ქრისტიანული სარმწუნოების მისიისა და დანიშნულების გადმოცემა ყველასთვის გასაგებ ენაზე. ყოველივე ეს ხელს უწყობს ქრისტიანობის ავთენტური არსის გააზრებას და, ამ გზით, ადამიანის სულიერ ზრდას, ,,გაუკეთესებას’’, ღმერთთან კვლავ დაკავშირებას, შერიგებასა და საბოლოოდ _ ,,განღმრთობას’’.

    ,,მე ვარ გზა’’ არის გზავნილი თითოეული პიროვნებისადმი, _ ასევე საზოგადოებისადმი და სრულიად კაცობრიობისადმი. ავტორის სიტყვებით რომ ვთქვათ, ესაა გზავნილი კაცობრიობისადმი ,,როგორც ერთი ჰიპოსტასისადმი“, როგორც „არსებათა შორის უნიკალური სახეობისადმი’’. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესაა ერთ-ერთი დამხმარე საშუალება ზეციური სახლისკენ მიმავალ გზაზე მართებულად და სწორად სამოგზაუროდ. დაე, ,,გზამ დაიფაროს ყველა მგზავრი...’’ (შ. ბაკურაძის ლექსიდან „საღვთომან ნისლმან“).

    უღრმესი მადლობა მსურს გადავუხადო ბ-ნ ზურაბს ასეთი საინტერესო წიგნისათვის, _ ღრმა ნააზრევისათვის, რომელიც გზადაგზა ჭეშმარიტი შუქის მოფენის ტოლფასია, _ შუქისა იმ ქრისტიანული იდეალების შესაცნობად, რის გარეშეც, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, ყოველი ქრისტიანი განძარცვული იქნება საღი სარწმუნოებისგან და ჭეშმარიტი სიცოცხლისაგან... მსურს ჩემი გამოხმაურება კალისტე უერის სიტყვებით დავასრულო ,,ქრისტეს არ უთქვამს: ,,მე ვარ ტრადიცია”; მან თქვა: ,,მე ვარ სიცოცხლე’’.

,,ესე არის ძლევა, სოფლის მძლეველი, ჩვენი რწმენა“ (1იოან. 5.4)

,,მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.'' (იოან.14,6)

 

 

 

ზურაბ მურვანიძე. გურია. 22.03.22

 

No comments:

Post a Comment